მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთხი საკითხი, რაც საქართველოში ინვესტორებს მუდმივად აწუხებთ - განხილვა პარლამენტში

61f00ff8eb502
დავით ჯალაღონია
25.01.22 22:50
1086
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოზიდვის კუთხით არსებული გამოწვევების შესწავლა დაიწყო.

ამ თემაზე დღეს კომიტეტმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა. საქართველოს საინვესტიციო გარემოსთვის დამახასიათებელ გამოწვევებს შორის, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ერთ-ერთ საკითხად ლარის კურსის არასტაბილურობა დაასახელა.

"ოთხ ძირითად კომპონენტს გამოვყოფ, რომელთა შესახებ ჩვენი წევრები მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას, პირველია ლარის კურსი. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უცხოურ ვალუტაში ხორციელდება და უკუგებას ინვესტორი ადგილობრივ ვალუტაში იღებს, რაც სერიოზულ პრობლემებს აჩენს და 2017 წლის შემდეგ რა იყო პირველი, ლარის კურსის ვარდნა და ამის შედეგად ინვესტიციების შემცირება, თუ შემცირებული ინვესტიციების შედეგად დაეცა ლარი, ამაზე კარგა ხანია, ეროვნულ ბანკთან ვკამათობთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ორი რამ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

მეორე საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის რეგულაციები. ჩვენ რატომღაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში ყველაზე მკაცრ რეგულაციებს ვიღებთ. ევროკავშირში ძალიან ბევრი ქვეყანაა და ყველას თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ყველაზე მკაცრ რეგულაციას ვიღებთ, რაც ვფიქრობ, ნამდვილად არის ინვესტიციების შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორი. რეგულაციების კუთხით მეორე საკითხია განჭვრეტადობა - ხშირად ეს არის დროში ძალიან შეზღუდული პროცესი და ასევე, არ ჩანს ხოლმე, რა უნდა კანონმდებელს, რადგან ძალიან ბევრი რეგულაცია იდება კანონში უფრო დეკლარაციული კუთხით და მერე უკვე კანონქვემდებარე აქტებში კონკრეტულ დეტალებამდე იშლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ჩვენ ვიღებთ ხოლმე კანონს ისე, რომ არ ვიცით ხოლმე, მერე რა მოჰყვება ამას.

მესამე, რასაც ჩვენი წევრები ყოველთვის აპელირებენ, ეს ბიუროკრატიული პრობლემებია, რაზეც ინვესტორთა საბჭოს შეხვედრაზე პრემიერთანაც ითქვა. ეს შეეხება სხვადასხვა ტიპის ნებართვებს, ვადებში ამ ნებართვების გაცემის ვადებს, ეს არის სამშენებლო ნებართვები, ასევე სხვადასხვა ტიპის ქონებრივი საკითხები და ა.შ. ბიუროკრატიული თემები ალბათ, ერთხელ და სამუდამოდ მისახედია. აქვე, ბიუროკრატიულ ნაწილში ინვესტორები ახსენებენ ხოლმე სასამართლოს. სამწუხაროდ, ძალიან დიდი პრობლემაა განჭვრეტადობა, რადგან სასამართლოებში არ არის ერთგვაროვანი პრაქტიკა. ერთსა და იმავე ქეისეზე შეიძლება ერთმა სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება გამოიტანოს, მეორემ - სხვა და ეს ბიზნესისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. მეორე პრობლემა სასამართლოებთან მიმართებით კომპეტენციის საკითხებია და განსაკუთრებით, ინგლისურის ცოდნა. შეიძლება ვინმეს გაეღიმოს, მაგრამ კონტრაქტები ძირითადად ინგლისურად არის შედგენილი და მოსამართლეებს ხანდახან უჭირთ ხოლმე კონტრაქტების დეტალებში შესვლა, რადგან ინგლისურის პრობლემებია ხოლმე. ასევე, ძალიან სერიოზული პრობლემაა დროში გაწელილი გადაწყვეტილებები.

და ბოლოს, რაზეც ინვესტორები ხშირად აპელირებენ, ეს არის კვალიფიციური კადრების პრობლემა, ანუ ძალიან ხშირად საუბარია ახალი ტექნოლოგიების შემოტანაზე, რაც ჩვენთან არ ყოფილა და როგორც წესი, ეს ძალიან სერიოზულ სიცარიელეს აჩენს, რადგან ინვესტორი ყოველთვის კითხულობს, რა დრო სჭირდება შესაბამისი სამუშაო ძალის მომზადებას და ამ დროს შეიძლება მან ინვესტირება გადაიფიქროს", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ეს და სხვა პრობლემები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მოისმინა და როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა განმარტა, შესაბამისი რეკომენდაციები მომზადდება, რომელთა აღსრულებას პარლამენტი გააკონტროლებს.