მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთხზე მეტ ადგილას 2 800 ექიმი მუშაობს, ეს დრამატული მაჩვენებელია - ტიკარაძე

61c8290bbe24b
თელარა გელანტია
26.12.21 12:33
2806
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში ოთხზე მეტ ადგილას ექიმების 12% ანუ 2 800 ექიმი მუშაობს.

„ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს არის დრამატული მაჩვენებელი“, - თქვა მან ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც როგორც ექიმების დარგობრივი გადანაწილების მიმართულებით, ასევე რეგიონების ჭრილში არსებობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, ერთზე მეტ ადგილას მუშაობს ექიმების 42% ანუ 10 000 სამედიცინო მუშაკი.

„ასეთ ვითარებაში ჯანდაცვის სისტემის მდგრადობაზე ვერ ვისაუბრებთ. აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი არის დაბალი ანაზღაურება, მოთხოვნა პროფესიონალურ კადრებზე, მოთხოვნა დეფიციტურ პროფესიებზე და ხარისხის მიწოდების წყვეტა და ფრაგმენტაცია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ექიმთა გადამზადება, მოთხოვნადი პროფესიების მხარდაჭერა და ანაზღაურების ზრდა კი ის სამი მთავარი ფაქტორია, რითაც ამ პრობლემის გადაჭრა წარმოუდგენია ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც პოსტს წლის ბოლომდე დატოვებს.

კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა, რომელიც ეკატერინე ტიკარაძემ თავის პრეზენტაციაში მოიყვანა, ექიმების არათანაბარ განაწილებას ეხება. კერძოდ, მისი ინფორმაციით, თბილისში 1000 მოსახლეზე 11.45 ექიმი მოდის, რეგიონებში კი - 4 ექიმი.