მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საუბარი იყო განათლების მინისტრის კანდიდატზე... არაფერს არ ვადასტურებ, სანამ პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს“ - ვოლსკი

64172f3dae223
BM.GE
19.03.23 19:00
766
რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შესაძლოა, გიორგი ამილახვარმა შეცვლოს.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი განათლების მინისტრთან დაკავშირებით ნამდვილად იყო, თუმცა ვერაფერს დაადასტურებს მანამ პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს.

„გუშინდელ შეხვედრაზე ნებისმიერ მიმდინარე თემებზე საუბარი გვქონდა. პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად: სოციალური საკითხები - მთის კანონთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე, ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო, მე არაფერს არ ვადასტურებ სანამ ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი იმედოვნებს, რომ დეპუტატი დავით სერგეენკო პარტია „ქართულ ოცნებას“ არ დატოვებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ დავით სერგეენკო პარტიას არ დატოვებს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დავით სერგეენკო, რომელიც ამ პარტიის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდა, არანაირ პოლიტიკურ გამიჯვნას არ გააკეთებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის პარლამენტის მიმართებაში, იქნება თუ არ იქნება, წავა თუ არ წავა, ეს მასზეა დამოკიდებული. მე ვერ ვხედავ ამაში ისეთ თემას, რომელიც შეიძლება ამ ქვეყნის დასაზიანებლად გამოყენებული იყოს“, - განაცხადა მან.