მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტამდე მგზავრებს "შატლები" მოემსახურება

626d8096e7275
BM.GE
30.04.22 22:29
4099
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს დღეიდან ახალი გაჩერება - სადგური ქუთაისის აეროპორტი დაემატა. რეაბილიტირებულმა სადგურმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება და შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული, დღეს ქუთაისის აეროპორტის პირველი მგზავრები მიიღო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, პროექტის შედეგად, აეროპორტის მიმართულებით მობილობა კიდევ უფრო გაიზრდება.

,,ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებისა და ტაქსების გარდა, მგზავრებს უკვე შესაძლებლობა აქვთ რკინიგზის საშუალებით მოვიდნენ. ეს საშუალებას იძლევა მგზავრებმა გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალება, იმისთვის რომ აეროპორტამდე იმგზავრონ მათთვის კომფორტულ დროს და კომფორტული ტრანსპორტის სახეობით,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.

რეაბილიტირებული სადგურიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი 1.8 კილომეტია, რომლის დაფარვას 5 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მგზავრებს სადგურიდან აეროპორტამდე და პირიქით, უფასო შატლებით მომსახურებას სთავაზობს. დღეიდან, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან გასამგზავრებელ ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით – უფასოდ იმგზავრებს. აქცია ძალაშია 7 მაისამდე.