მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ლარად გადაცემული მიწები – რა ვალდებულებებით გასცეს 2021–ში სახელმწიფო ქონება?

6204abea9fd5b
მარიამ ვარადაშვილი
10.02.22 09:40
1462
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს 1 ლარად ჯამში 21 არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გასხვისდა.

მათ შორის არის პროექტ “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაცემული უძრავი ქონებები. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ლარად გაცემული ქონებების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 33 171 702 ლარს შეადგენს.

მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონება გადაეცა “ნიკორას”. კომპანიისთვის გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულება 2 მლნ ლარს აჭარბებს, ხოლო საინვესტიციო ვალდებულება 14 მლნ ლარზე მეტია.

კერძოდ, BMG-თვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, მრევლიშვილის ქუჩაზე მდებარე 8925.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად საკუთრებაში გადასცეს „ნიკორას“– უძრავ ქონებაზე ხორცის პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნის პირობით. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 2 414 098 ლარს (განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა 14 484 588 ლარი). მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დასაქმდება 290 ადამიანი.

„აიკონ გრუპს“ ბათუმში 1 ლარად გადაეცა 1.5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელზეც კომპანიამ 6 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

"აწარმოე საქართველოშის" პროექტის ფარგლებში, 1 ლარად თბილისში, ფონიჭალაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები შ.პ.ს "სანეს" გადაეცა. ადგილზე სამშენებლო მასალის/ლითონის ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნის პირობით. ქონების საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 173 257 ლარს შეადგენს, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა 1 039 542 ლარია.

რაც შეეხება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ქონებას, მათ შორის ყველაზე მსხვილია შპს „თბილისი დრაი პორტისთვის” თბილისი, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მშრალი ტვირთის შენახვაზე გათვლილი სასაწყობე/ლოჯისტიკური ცენტრი უნდა აშენდეს. გადაცემული ქონების ჯამური ღირებულება 16 მლნ ლარს აღემატება.

“სითი ლოფტს” 1 ლარად გადაეცა ქუთაისში მდებარე თითქმის 5 მლნ ლარის ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „სინემა 13“-ს გადაეცა 5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიამ პროფესიული (კინოხელოვნების) საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნის, ექსპლუატაციაში მიღებისა და ფუნქციონირების დაწყების მიზნით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკით უნდა განახორციელოს:

2024 წლის 1 სექტემბრამდე, არანაკლებ 2 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
2026 წლის ბოლომდე, არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;