მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში ყოფილ საპყრობილეს ტურისტებისთვის მიმზიდველ ტერიტორიად გადააქცევენ

60ca52f662c2e
მარიამ ადამია
17.06.21 00:30
774
იტალიაში, ტირენიის ზღვაში მდებარე ვულკანური კუნძული, რომელიც 56 წლის წინ მოქმედი ციხე იყო და სადაც კრიმინალები, პოლიტიკური დისიდენტები, ყაჩაღები, მოძალადეები და ანარქისტები ჩაჰყავდათ მძიმე სასჯელის მისაღებად, რამდენიმე წელიწადში ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა. დღეს კუნძული მიტოვებულია, მაგრამ სავარაუდოდ, მალე ეს რეალობაც შეიცვლება, რადგან იტალიის მთავრობა გეგმავს ყოფილი საპატიმრო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად და სანახაობად გადააქციოს. ამის შესახებ Insider-ი წერს.

ადგილობრივი ხელისუფლების გეგმების მიხედვით, ტერიტორია ღია მუზეუმად უნდა გადაკეთდეს. კითხვაზე, თუ როგორი იქნება ის? ჯერ კონკრეტული პასუხი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ აქვს, მაგრამ ამბობენ, რომ ზოგიერთი შენობა და უბანი აღდგება ისე, რომ პირვანდელ ფუნქციებს შეინარჩუნებს და ამას დაემატება ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის გასაყვანია ელექტროენერგია, გაზი და წყალი. მთლიანობაში კი ეს ადგილი შეინარჩუნებს და მოუყვება სტუმრებს ციხეში მომხდარ მძიმე და მტკივნეულ ამბებს და მშვიდობიანი მომავლის სიმბოლო გახდება. ასეა ჩაფიქრებული კუნძულის იდეა.

დღეს მხოლოდ რამდენიმე ტუროპერატორი სთავაზობს ტურს ციხისა და მისი ნანგრევების სანახავად, თუმცა მოთხოვნა ძალიან მცირეა. ხოლო 86 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადების შემდეგ ვარაუდობენ, და იმედოვნებენ, რომ აქ გაიზრდება დაინტერესება როგორც ტურისტების, ასევე ინვესტორების მხრიდან.
წინასწარი ინფორმაციით ირკვევა, რომ ციხის წარსულის ჩვენების გარდა, მუზეუმი გააერთიანებს აკადემიურ ცენტრს და უმასპინძლებს სამხატვრო სემინარებსა და მასტერკლასებს დაინტერესებული პირებისთვის.

ჯერჯერობით გეგმა საწყის ეტაპზეა და ოფიციალური პირები კუნძულის უსაფრთხოების საკითხებს აგვარებენ, ხოლო თვის ბოლოს სავარაუდოდ კონკურსს გამოაცხადებენ და იდეებს მოისმენენ თუ როგორ განახლდეს ყოფილი საპატიმრო კუნძული, რომელიც მთელი მსოფლიოს დაინტერესებას გამოიწვევს.

ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ სანტო-სტეფანოს ციხე 1795 წელს გაიხსნა და აქ განთავსებული 99 საკანი და მცხოვრები პატიმრები მკაცრად კონტროლდებოდა მთავრობის მიერ. მძიმე ცხოვრება აქაურ კედლებსა და გარემოზეა აღბეჭდილი, რაც მომდევნო წლებში ტურისტებისთვის მთავარი სანახაობა გახდება. წლების შემდეგ ციხე დაიხურა და მისი ერთი ნაწილი საცხობად გადაკეთდა, სადაც ადგილობრივებისთვის პური ცხვებოდა. განახლებული გეგმების თანახმად, ეს ფუნქციაც შენარჩუნდება და კაფე-რესტორნები მოეწყობა, საიდანაც პანორამული ხედები იშლება. წინასწარი ინფორმაციით, 2025 წელს ახალი ტურისტული მიმართულება უკვე მზად უნდა იყოს სტუმრების მისაღებად.