მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-გადატანილებს „ბორჯომი-ლიკანი“ სარეაბილიტაციო პროგრამას სთავაზობს - რა ჯდება კურსი?

603c9eb208472
ინგა მურუსიძე
01.03.21 12:06
1579
საპარტნიორო ფონდი და მისი შვილობილი კომპანია „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი“ პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტებს სარებილიტაციო პროგრამებს სთავაზობს. როგორც bm.ge-ის სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ დირექტორმა კობა აბულაძემ უთხრა, ბორჯომი-ლიკანში არსებული გარემო ვირუსგადატანილ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ძალები მოკლე დროში აღიდგინონ.

მისი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პაკეტი ჩაშვებულია და რამდენიმე მოქალაქემ უკვე ისარგებლა.

„კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ხშირად დაღლილობას, სისუსტეს, უძილობას და მრავალ სხვა გართულებას დაავადების დამარცხების შემდეგაც უჩივიან, სწორედ ამიტომ „ბორჯომი ლიკანის“ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი მათ სთავაზობს კვალიფიციური მედპერსონალის მიერ შერჩეულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს; ამას ემატება ლიკანის უნიკალური კლიმატი, წიწვოვანი ტყეების გამაჯანსაღებელი ჰაერი, ჟანგბადის მაღალი შემცველობა, ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის სამკურნალო წყალი, რაც საერთო ჯამში, ვირუსგადატანილ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში აღიდგინონ ძალები“, - აღნიშნა სასტუმრო „ლიკანი ბორჯომის“ დირექტორმა კობა აბულაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის მსურველმა მოქალაქემ მინიმუმ 7 დღიანი კურსი უნდა გაიაროს და ერთი დღე, სამჯერადი კვებით, შესაბამისი პროცედურებით, 2 ადამიანზე საშუალოდ 420 ლარი ჯდება.

„ჩვენმა სტუმრებმა უკეთესად იგრძნეს თავი ბორჯომიდან წასვლის შემდეგ, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პაკეტის შეთავაზება დამსვენებელებისთვის. ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს სპეციალისტები გვეთანხმებიან, რომ აქ არსებული მიკროკლიმატი ძალიან სასარგებლოა“, - აღნიშნა მან.

როგორც bm.ge-ის საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, კვირის ბოლოს სარეაბილიტაციო პროგრამის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელსაც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, ასევე „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, „ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტი ნინო ნიჟარაძე, პროფილური სამედიცინო დაწესებულებების ხელძღვანელები, დარგის სხვა პროფესიონალები, ასევე, ადგილობრივი მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„შეხვედრის მონაწილეებმა პოსტკოვიდური პერიოდის გამოწვევებსა და ამ მიმართულებით, სარეაბლიტაციო პროგრამების მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.