02.მარტი .2020 10:41

პაატა იმნაძე-დამსაქმებლებს: რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებულები 2 კვირა სამსახურში არ დაუშვათ

views 3871
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში იმყოფებოდნენ, არ დაუშვან სამსახურებში.

ამის შესახებ იმნაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში განაცხადა“ და ყველას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„ვინც ჩამოდის და არავითარი სიმპტომები არ აქვს, თხოვნა გვაქვს მათთან, ეს არის მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რომ ნუ შეუქმნიან რისკს თავიანთ თანამოქალაქეებს და დარჩნენ სახლში, თვითიზოლაციის პირობებში. პირველ რიგში, თავიანთ ახლობლებს გაუფრთხილდნენ. ახალგაზრდების უმრავლესობა ამ დაავადებას საკმაოდ ადვილად გადაიტანს, პრობლემა არის ჩემი ასაკის ადამიანებისთვის, ამიტომ მოუფრთხილდნენ მშობლების თაობას და მაქსიმალურად დაიცვან ყველა წესი.

ასევე, პირველად მინდა გავაჟღერო, რომ იმ სამსახურის თანამშრომლებმა, ვინც იციან, რომ მათი თანამშრომლები დაბრუნდნენ, ვთქვათ, იტალიიდან, მე მოვუწოდებ მათ, რომ არ დაუშვან ისინი სამსახურებში და იყვნენ სახლში.
ჩვენი ამოცანა ახლა რა არის?! - ჩვენ განსხვავებით ბევრი განვითარებული და მდიდარი ქვეყნისგან, შევძელით და საზღვრიდან ავკრიფეთ ავადმყოფები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა. სამივე საქართველოს მოქალაქეა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.