მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა შურღაია ამბობს, რომ სასამართლო სისტემა ინვესტიციების შემოსვლისთვის მთავარი ფაქტორი არ არის

634a719f48052
ალა ისპირიანი
15.10.22 13:20
1011
"გრანთ თორნთონის" ვიცე მმართველი პარტნიორი პაატა შურღაია მიიჩნევს, რომ გამჭვირვალე სასამართლოს არსებობა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, ინვესტორს სასამართლოში წასვლა არ დასჭირდეს.

საკითხზე მან „ანალიტიკას“ ეთერში ისაუბრა. შურღაიას განცხადებით, სასამართლო სისტემა აუცილებლად გამჭვირვალე და სამართლიანი უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ ამით ინვესტორს ქვეყანა ვერ მოიზიდავს.

„მიკვირს მთავრობის და მათ შორის ჩემი კოლეგების - ყოველთვის ვაპელირებთ, რომ სასამართლო კარგი უნდა იყოს, მაგრამ სასამართლო ბიზნესისთვის ბოლო ალტერნატივაა. ძალიან ცუდია ბიზნესს რომ სასამართლოში აგზავნი, რადგან სასამართლო გრძელვადიანია და მნიშვნელოვან დროის რესურსებთან და ხარჯთან არის დაკავშირებული.

აქედან გამომდინარე, როცა ბიზნესს ვესაუბრებით, რომ საქართველო საინტერესოა, რადგან გამჭვირვალე სასამართლო სისტემა გვაქვს, არასწორია. რა თქმა უნდა სასამართლო გამჭვირვალე უნდა იყოს, თუმცა ეს FDI -ის ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი არ არის.

ბიზნესს ვეუბნებით, რომ თუ სასამართლოში მოუწევს წასვლა, გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული. სინამდვილეში ბიზნესს აინტერესებს, რომ სასამართლოში წასვლა არ მოუწიოს", - განაცხადა პაატა შურღაიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში მიმდინარე წელს გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარი საკანონმდებლო ჩარჩოებზეა, რომლებიც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხს, ასევ ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებენ.

მათ შორის შეფასებულია საქართველოს სასამართლო სისტემა, საბანკო და საფინანსო რეგულირების მექანიზმები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით რეგიონის მასშტაბით მოწინავე ადგილზეა, ქვეყნის ეკონომიკა კი უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა, თუმცა საქართველოში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიუთითებენ ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლოვანებაზე, ასევე ბიზნეს დავების მოგვარების არაეფექტურ და არადროულ სისტემაზე.