მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PACE Group-ის ფოთის პორტში ტვირთბრუნვის შემცირება არ შეინიშნება - ვასილ მაზიაშვილი

6220ed6d27495
თელარა გელანტია
04.03.22 09:00
1128
კომპანია PACE Group-ში, რომელიც ფოთის პორტის რვა ნავმისადგომს და ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს მართავს, აცხადებენ, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, პორტში გემების რაოდენობაზე მკვეთრი გავლენა არ მოუხდენია.

„პეის ჯგუფის“ ძირითადი საქმიანობა აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან ტვირთების გადაზიდვაა, ამიტომ ჩვენი პორტის დატვირთვაზე მიმდინარე პროცესებს, ჯერჯერობით, გავლენა არ ჰქონია”, - თქვა bm.ge-სთან PACE Group-ში შემავალი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის - „ტრანსფორდის“ დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ პორტში რუსული ტვირთები, ფაქტობრივად, არ შემოდის.

რაც შეეხება უკრაინას, მისი თქმით, ძირითადად, საქართველოდან ხდებოდა ტვირთის გაგზავნა უკრაინაში, რაც შემცირებულია, მაგრამ ხსნის, რატომ არ დაეტყო ეს პორტის ტვირთბრუნვას.

„რამდენად შემცირდა უკრაინული პორტების მიმართულებით ტვირთების გადაგზავნა, ზუსტი რიცხვებით ამაზე, ჯერჯერობით, ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ PACE Group-ი დაკავებულია აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან ტვირთების გადაზიდვით შავ ზღვაზე და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ძირითადად, ხდებოდა საქართველოდან უკრაინაში ტვირთის გაგზავნა (დამკვეთის მოთხოვნით), რაც შემცირებულია, მაგრამ დამკვეთი ახორციელებს ტვირთის გაყიდვას სხვა ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, ტვირთების ბრუნვა არ შემცირებულა“, - განმარტავს „ტრანსფორდის“ დირექტორი.

ამასთან, bm.ge-სთან საუბარში PACE Group-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ფინანსური და ეკონომიკური სანქციები, რომელსაც მსოფლიო რუსეთს უწესებს, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მეტად დატვირთვის შესაძლებლობას წარმოადგენს.

„ჩნდება შესაძლებლობა, ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის გავლით მოხდეს კიდევ უფრო მეტი ტვირთის მოზიდვა, რომელიც აქამდე მიდიოდა ვოლგა-დონის არხით და თავს იყრიდა რუსულ პორტში“, - განაცხადა ვასილ მაზიაშვილმა.