მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სექტორი ₾40 მლნ-ის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდა - კანონი დამტკიცდა

62c2aede3afa7
ვიქტორია მღებრიშვილი
04.07.22 13:15
853
ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში) დასაქმებული მეწარმე სუბიექტები გათავისუფლდნენ 2021 წლის ქონების გადასახადისაგან (რომლის დეკლარირებაც 2022 წელს არის გათვალისწინებული) - ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მიღებული და ამ ცვლილებას COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის პირობებში, განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.

„ინიციატივის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება (კოდექსის 309-ე მუხლს დაემატა 1151 ნაწილი, და ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება 2022 წელს არის გათვალისწინებული, გათავისუფლდა ამ მუხლის 115-ე ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობებში გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა), რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელებს შეუმცირდებათ საგადასახადო ვალდებულება ქონების გადასახადის ნაწილში. აღნიშნული შეღავათით 1200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მლნ ლარს შეადგენს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ცნობით, შეღავათით სარგებლობის საქმიანობებს განეკუთვნება: სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები; დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები; რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; სასმელებით მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები.

„საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ასევე გამოიყენება რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობაში.

აქვე განვმარტავთ, რომ შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელები წარმოადგენენ ქონების გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციას (მათ შორის, საწარმოები/ორგანიზაციები - დაზუსტებულ დეკლარაციას), სადაც აისახება დაბეგვრისგან გათავისუფლებული შესაბამისი ქონება.

ამასთან აღვნიშნავთ, რომ ცვლილება არ ითვალისწინებს მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას და საწარმოების/ორგანიზაციების მიერ გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით“, - განმარტავენ უწყებაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადასახადის გადამხდელებს გაითვალისწინონ, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ საწარმოების/ორგანიზაციების მიერ ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელის გადახდის სავადო თარიღია 15 ივნისი, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადი გადაიხდევინება არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.