17.მარტი .2020 16:33

პაციენტების გაზრდილი ნაკადის მისაღებად, დამატებით, 600 საწოლი მზად 1-2 დღეში იქნება

views 402
უკან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის არსებულ მდგომარეობასა და ჯანდაცვის სისტემის მზაობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან პრევენციული ზომების გამკაცრება ვირუსის გავრცელების შეზღუდვას უწყობს ხელს.

„კონტროლი არის უფრო მეტად გამკაცრებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტად მოგვიწევს ჩვენი მოქალაქეების გაკონტროლება იმისათვის, რომ მათ მოახდინონ სოციალური დისტანცირება, რათა მოხდეს იმ ყველა ჯაჭვის გაწყვეტა და პრევენციულად შეჩერება ვირუსის გავრცელების, რომელიც დღესდღეობით ასეთ საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, 1-2 დღეში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მზად იქნება დამატებით 600 საწოლი, სადაც ინფიცირებულების მიღება მოხდება.

„ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისთვის, რომ მიგვეღო პირველი ტალღა, რომელიც მიიღო სისტემამ. ახლა ველოდებით შედარებით უფრო მეტ გავრცელებას მოსახლეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბოლო კვირის მანძილზე აღვწერეთ ყველა დამატებითი საავადმყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც დაახლოებით, 24-დან 48 საათში იქნება მზად პაციენტების მისაღებად. აღწერილი იქნება როგორც - ინფრასტრუქტურული, ასევ მათი პერსონალის მზაობა, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების მისაღებად და დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კვირიდან იმ გაზრდილ ნაკადს პაცინეტებისას, რომელსაც ველოდებით, სისტემა მზად არის, რომ მიიღოს. ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ პაციენტების და ჰოსპიტლების რაოდენობა უნდა იყოს კონცენტრირებული - ეს ქალაქებია ქუთაისი, ბათუმი და თბილისი. ძირითადი საავადმყოფოები მობილიზებულია თბილისში, იქიდან გამომდინარე, რომ ვთვლით კონცენტრირებული მართვა ჩვენ მოგვცემს გაცილებით უკეთესს ხარისხს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულებთან სუნთქვის აპარატების გამოყენება არ დასჭირვებიათ, თუმცა ქვეყანაში 150 სუნთქვის აპარატი უკვე მზად არის და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

„დღესდღეისობით ჩვენთან არ დამდგარა საჭიროება გამოგვეყენებინა ხელოვნური სუნთქვის აპარატები თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ ყველა სტაციონარში გვაქვს მობილიზებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები. მიუხედავად ამისა ჩვენ დღეს მომზადებული გვაქვს მომზადებული 150 სუნთქვის აპარატი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ“, - განმარტა მინისტრმა.

მისივე თქმით, კორნავირუსის გამოსავლენად ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ლუგარის გარდა იგეგმება, როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და კიდევ დამატებით თბილისის ერთ-ერთ ლაბორატორიაში, თუმცა - რომელში, მინისტრმა ვერ დააკონკრეტა.