მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაკეტები ტურისტებისთვის, ახალგაზრდებისთვის - ვის და რას შესთავაზებენ ვირტუალური მობილური ოპერატორები?

61e8182411cb4
სალომე მეცხვარიშვილი
19.01.22 21:44
1022
ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორები (MVNO) მსხვილი მობილური ოპერატორების კონკურენტები არ იქნებიან - ამის შესახებ GNC-ის ხელმძღვანელი ნოდარ დურგლიშვილი აცხადებს. მის კომპანიას MVNO-ს სტატუსი ჯერ არ აქვს და შესაბამის მოლაპარაკებებს “მაგთიკომთან”, “სილქნეტთან” და “ბილაინთან” აწარმოებს. საქმე ისაა, რომ ბაზარზე ოპერირების დაწყებისთვის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებმა MVNO-ები საკუთარ ქსელზე უნდა დაუშვან. MVNO-ს ძირითადი არსი სწორედ ესაა, რომ მომხმარებელს სხვისი ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოემსახუროს.

წლებია მსხვილ ოპერატორებსა და მცირე კომპანიებს შორის შესაბამისი შეთანხმება ვერ შედგა. არის მოსაზრება, რომ მობილური კომპანიები პროცესებს აჭიანურებენ, რადგან კონკურენტების გაჩენა არ სურთ. GNC-ის ხელმძღვანელი bm.ge-სთან განმარტავს, რომ ისინი აბსოლუტურად სხვა ნიშას დაიკავებენ და ძალიან მცირეა შანსი, რომ მსხვილ კომპანიებს აბონენტები წაართვან. ნოდარ დურგლიშვილის ინფორმაციით, მაგალითად შემუშავებულია სპეციალური პაკეტი საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის:

“საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს არჩევანი არ აქვთ, შეიძინონ მათზე მორგებული პაკეტები, რადგან ადგილობრივი ოპერატორები მათაც იდენტურ პაკეტს სთავაზობენ, რასაც ლოკალურ მცხოვრებლებს.

ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი სამიზნე აუდიტორია არის ტურისტები - ჩავატარეთ კვლევა და გამოვკვეთეთ მათი მოთხოვნები - მაგალითად, ტურისტს არ აინტერესებს ადგილობრივი ნომერი, რომელიც ქვეყნის შიგნით ზარების განხორციელებისთვის არის საჭირო. მთავარია, რომ მას ჰქონდეს ინტერნეტი, რომ გამოიყენოს აპლიკაციები, რასაც საკუთარ ქვეყანაში იყენებს, რათა ჰქონდეს კავშირი ახლობლებთან. ამ მიზნებით შესაძლოა, შემუშავდეს პაკეტები, რომელიც გათვლილი იქნება 1-2 კვირიან მომსახურებაზე, სწორედ იმ პერიოდზე, რასაც ისინი საქართველოში ატარებენ. მორგებული და მოქნილი შეთავაზებები იძლევა საშუალებას, რომ პროდუქტი იყოს უფრო იაფი ან უფრო ოპტიმიზირებული აპლიკაციების გამოყენებისას.

ასევე, შეიძლება იყოს კონკრეტული შეთავაზებები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ორიენტირებული იქნება მათი ინტერესების გათვალისწინებაზე - "ინსტაგრამზე", "ტიკ-ტოკზე" და ა.შ. ამ პაკეტის ფოკუსი იქნება ეს აპლიკაციები და არა უფასო ზარები ან სმს-ები, რომლებსაც ფაქტობრივად არ იყენებენ”, - აცხადებს ნოდარ დურგლიშვილი.