მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Panasonic-ი არასავალდებულო ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის

61de4ee59bcdb
სალომე ჭიპაშვილი
13.01.22 00:30
685
Bloomberg-ის ინფორმაციით, Panasonic-ი არასავალდებულო ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის. ის ერთ-ერთია იმ იაპონურ კომპანიებს შორის, რომლებმაც გლობალურ ტენდენციას აუბეს მხარი, რათა დასაქმებულთა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის გაუმჯობესებას შეუწყონ ხელი. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, რომ ოსაკაში ბაზირებული კონგლომერატის თანამშრომლებს უფლება აქვთ, დასვენების დამატებით დღეებში სხვა სამსახურით ან მოხალისეობით დაკავდნენ.

Panasonic-ი თანამშრომლებს ასევე ნებას დართავს იმუშაონ სახლიდან, თუკი მათ პარტნიორებს სხვა ქალაქში უწევთ სამუშაოდ გადასვლა. კომპანიის ნაბიჯი თანხვედრაში მოდის ტექნოლოგიური კომპანიების შეცვლილ სტრატეგიასთან, რომლებიც ცდილობენ პოტენციური თანამშრომლები შემოკლებული სამუშაო კვირის შეთავაზებით დააინტერესონ. მიუხედავად ამისა, ოთხდღიანი სამუშაო კვირაზე გადასული კომპანიები ჯერ კიდევ უმცირესობაში არიან.

იაპონიის კანონმდებელთა ჯგუფი ამ ეტაპზე განიხილავს კანონპროექტს, რომელიც დასაქმებულებს კვირაში დასვენების ორი დღის გარდა, დამატებით დასვენების დღეს მიანიჭებს. შრომის სამინისტროს მიერ 2020 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თანამშრომლებს იაპონური ფირმების მხოლოდ 8%-ზე ოდნავ მეტი სთავაზობდა ორზე მეტ გარანტირებულ დასვენების დღეს.

მაგალითად, წამლების მწარმოებელი Shionogi & Co, რომელიც Covid-19-ის ორალურ სამკურნალო საშუალებებზე მუშაობს, აპრილიდან თანამშრომლებს კვირაში სამ დასვენების დღეს შესთავაზებს. Yahoo Japan-ი და Sompo Himawari Life Insurance-ი ასევე ნებას დართავს დასაქმებულებს ოთხდღიანი სამუშაო კვირა ჰქონდეთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბავშვებზე ან ხანდაზმულ ნათესავებზე ზრუნავენ.