მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემია, როგორც მთავარი რისკი გლობალური მიწოდების ჯაჭვში, ომმა ჩაანაცვლა - Moody’s

6221312e12df4
თამთა ჯიჯავაძე
04.03.22 01:14
820
რუსეთ-უკრაინის ომმა კოვიდპანდემია ჩაანაცვლა როგორც ტოპ-რისკი გლობალური მიწოდების ჯაჭვში. ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის ანალიტიკოსები აცხადებენ.

როგორც CNN წერს, კოვიდპანდემიამ მსოფლიო მიწოდების ჯაჭვს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, გაჩნდა დეფიციტები, გაიზარდა ფასები. ხოლო მაშინ როდესაც პანდემია დასასრულისკენ წავიდა, მიწოდების ჯაჭვს საფრთხე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ შეუქმნა.

რუსეთი ენერგომატარებლების და ფართო მოხმარების პროდუქციის მთავარი მწარმოებელია, ეს ქვეყანა აწარმოებს ყველაფერს - ნავთობით და გაზით დაწყებული, პალადიუმით და ხორბლით დამთავრებული. უკრაინაც ხორბლის და ნეონის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. ამ ორ ქვეყანას შორის ომი კი აჩენს რისკებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის მიწოდებისას სერიოზული პრობლემები წარმოიშვას.

Moody’s-ის ანალიტიკოსების თქმით, რუსეთ-უკრაინის კრიზისი „ბევრ ინდუსტრიაში კომპანიების მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს“, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ენერგორესურსებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული არიან.

ევროპა განსაკუთრებით განიცდის ენერგიაზე ფასების მატებას, ვინაიდან ის დიდწილად რუსულ ბუნებრივ გაზზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ნავთობის ფასი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც თავის მხრივ ბენზინი და ავიაკომპანიების და სხვა ინდუსტრიების მომსახურებებიც გააძვირა.

Moody’s-ი ასევე მიუთითებს, რომ რუსეთი პალადიუმის 40%-ით ამარაგებს მსოფლიოს, რაც მიკროჩიპების წარმოებაში გამოიყენება. უკრაინა კი მსოფლიოში ნეონის 70%-ს აწარმოებს, რაც ასევე კომპიუტერული ჩიპების წარმოებაში გამოიყენება.