მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემია, როგორც შესაძლებლობა – Mymarket-ის დატვირთულობა 40%-მდე გაიზარდა

60965dc67ef41
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.21 14:20
1655
MY.GE საქართველოში ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც დღეს 9 ვებგვერდს მართავს. My.Ge–ის პლატფორმას ყოველთვიურად 2.2 მლნ უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს.

My.ge-ს საოპერაციო ხელმძღვანელი, mymarket-ის მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა ჩილინდრიშვილი და My.ge-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მურთაზ ფუტკარაძე "Forbes კვირასთან" ინტერვიუში აღნიშნავენ, რომ პანდემიური 2020 წელი მათთვის, ისევე როგორც ბევრი სხვა კომპანიისთვის, მოულოდნელობებით სავსე იყო.

„იყო რთული პერიოდები, როდესაც პარტნიორები რეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ საწყობებს დახურავდნენ. ჩვენ კი ამის საპასუხოდ მალე მოვერგეთ მოთხოვნებს და გამოცხადებული ლოქდაუნის შემდეგ მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო ჩაკეტილ რეგიონებში ნივთების შეტანა, მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო თბილისში 2 საათში საჭირო პროდუქტი მიგვეტანა“, - აღნიშნავს ნიკა ჩილინდრიშვილი.

„ვთქვით, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის შესაძლებლობად უნდა გვექცია“, - განავრცობს თემას მურთაზ ფუტკარაძე და აღნიშნავს, რომ კომპანიამ მალე შეცვალა სტრატეგია და პარტნიორებისთვის ერთგვარ მაშველად და საყრდენად იქცა.

„700 ოფლაინ მაღაზიისთვის მომსახურება ერთ დღეში გავაციფრულეთ. მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ნივთის გაყიდვა.

შარშან ფიზიკურ პირებს საშუალება მივეცით, მეორეული ნივთები სახლიდან გაუსვლელად ეყიდათ და გაეყიდათ. შიდა ტურიზმს დავუჭირეთ მხარი. Myauto-ზე ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ სერვისები სრულად გაციფრულებულიყო.

უძრავი ქონების ინდუსტრიის გაციფრულება ყველასთვის უცნაური იყო, მაგრამ ვიპოვეთ ეს ნიშები, Colliers-თან ერთად საერთშორისო დონის უძრავი ქონების შეფასების დისტანციური სერვისი შევქმენით, რომელიც ქონების რეალურ ღირებულებას აფასებს და მომხმარებელს შემდგომი რისკებისგან იცავს. ამ ეკოსისტემის გარშემო დავიწყეთ ყველაფრის შენება.

ტურიზმის ინდუსტიას პანდემიამ ყველაზე მეტად დაარტყა, საერთაშორისო პარტნიორ Visa-სთან ერთად შევქმენით პლატფორმა, რომელიც მარტივად აკავშირებდა უძრავი ქონების მაძიებელსა და გამქირავებელს, ეს ყველაფერი იყო სრულად ციფრული“, - აღნიშნა მურთაზ ფუტკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებელზე ორიენტირებულმა ხედვებმა, გასულ - პანდემიურ წელს ელექტრონული კომერციის მიმართ ინტერესი გარკვეული მიმართულებებით გაზარდა.

„Myauto-ს და myhome-ის ნაწილში მოთხოვნა ყოველთვის მაღალი იყო. პანდემიის პერიოდში კი Mymarket-ის მიმართულებით 2019 წელთან შედერებით 2020 წელს ყოველთვიური ტრაფიკი 40%-ით გაიზარდა“, - განაცხადა მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

2020 წელს კომპანიამ ახალი ვებგვერდი Mystartup-იც აამოქმედა. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზრდას და განვითარებას 2021 წელსაც აპირებენ. სწორედ ამიტომ MY.GE მიმდინარე წელს მომხმარებელს 3 ახალ მომსახურებას და ვებგვერდს შესთავაზებს, რაც კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობას 150-მდე გაზრდის.