მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიამ აშშ-ში უმუშევრობის დონე 14.7%-მდე გაზარდა - BBC

5eb9437b03fc2
ნათია თაქთაქიშვილი
11.05.20 16:49
801
აშშ-ში უმუშევრობის დონემ 14.7%-ს მიაღწია, რაც 1930 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აპრილში 20.5 მილიონმა ამერიკელმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ჯერ კიდევ ორი თვის წინ უმუშევრობის დონე 3.5%-ს არ ცდებოდა, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

გასულ კვირას აშშ-ში უმუშევრობის შემწეობა 3.2 მილიონმა ადამიანმა მოითხოვა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ამ მხრივ, მარტის მეორე ნახევარში აღირიცხა, როცა უმუშევრობის კომპენსაცია ერთ კვირაში 6.9 მილიონმა ამერიკელმა მოითხოვა. 

აღსანიშნავია, რომ უმუშევრად ითვლება ადამიანი, რომელიც დასაქმებული არაა და სამუშაოს ეძებს. შესაბამისად, უმუშევრობის სტატისტიკა არ ითვლის იმ ადამიანების რიცხვს, ვინც აპრილში სამუშაო ადგილი დაკარგა, თუმცა ახლის ძებნა არ დაუწყია, ამიტომ იმ შრომისუნარიანი ამერიკელების რიცხვი, ვინც ამჟამად დასაქმებულია, კიდევ უფრო მეტადაა შემცირებული და 51.3%-ზეა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სტატისტიკის წარმოების დაწყებიდან დღემდე.

უკანასკნელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 1,367,963-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, მათაგან 80,787 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 256,336 გამოჯანმრთელდა.