მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიამ GINO Holding-ს ხარჯი 1.5 - 2 მლნ ლარამდე გაუზარდა - ჰოლდინგის დამფუძნებელი

5fb3cf6d2f5e9
ვიქტორია მღებრიშვილი
18.11.20 10:28
1222
პანდემიამ „ჯინო ჰოლდინგის“ ხარჯი 1.5 – 2 მლნ ლარით გაზარდა. ამის შესახებ BM.GE-ის სლოვაკელმა ინვესტორმა და ჰოლდინგის დამფუძნებელმა, წარმოშობით ქართველმა ნოდარ გიორგაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ჰოლდინგის მმართველობაში მყოფი აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“ ზაფხულის სეზონზე გაიხსნა, თუმცა მომხმარებელთა მოთხოვნა პანდემიის გამო შემცირებული იყო.

ნოდარ გიორგაძე აღნიშნავს, რომ ამავე პერიოდში გამკაცრებული რეგულაციების დასაცავად კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 320 ადამიანიდან 450-მდე გაიზარდა.

მისივე თქმით, თანამშრომლებს ხელფასები არამხოლოდ აკვა-პარკის ოპერირების დროს შეუნარჩუნდათ, არამედ მანამდეც - საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში.

"შევეცადე რამდენიმე თვე საკუთარი ფინანსებით დამეფარა ყველა ხარჯი, რაც კომპანიების შენახვას სჭირდებოდა, მათ შორის სახელფასო ფონდი, საშემოსავლო და ა.შ. ოქტომბერ-ნოემბრიდან, იმის გამო, რომ ყველაფერი დაკეტილი გვაქვს, დასაქმებულების მხოლოდ 35-40% შევინარჩუნეთ, ხოლო შექმნილი სიტუაციის გამო, იძულებული გავხდი დანარჩენები უხელფასო შვებულებაში გამეშვა. ჩემთვის ეს ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო, რადგან დასაქმებულების უკან მათი ოჯახებია“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.

ინვესტორის ინფორმაციით, დღეისთვის „ჯინო ჰოლდინგის“ მმართველობის ქვეშ მყოფი 2 სასტუმრო და აკვა-პარკი დროებით გაჩერებულია, სადაც, ჯამში, 700 ადამიანი მუშაობს. ნოდარ გიორგაძე იმედოვნებს, რომ ბიზნესები ჩვეულ აქტივობას გაზაფხულიდან დაუბრუნდებიან.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან ეს ობიექტები გაიხსნება და დაუბრუნდებიან ჩვეულ რიტმს. ყოველთვის მზად ყოფნაში ვართ და ამიტომაცაა, რომ ჩვენი დასაქმებულების 40% არ გაგვიშვია. კონტაქტს ვინარჩუნებთ ძველ დასაქმებულებთანაც“, - განაცხადა ინვესტორმა.