25.სექტემბერი .2020 10:15

პანდემიამ „ღლონტების თაფლის“ ექსპორტი შეაჩერა

views 329
უკან

თაფლის მწარმოებელი კომპანია „ღლონტების თაფლი“, რომელიც თაფლს გერმანული მოდელით აწარმოებს, 2020 წელს ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტის გაათმაგებას გეგმავდა, თუმცა პანდემიამ მწარმოებელთა გეგმები შეცვალა.

როგორც BM.GE-ის „ღლონტების თაფლის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ ღლონტმა განუცხადა, პანდემიამდე კომპანიამ 4 000 ქილა თაფლის გატანა მოახერხა, თუმცა შემდეგ ექსპორტი შეჩერდა.

თაფლის ექსპორტის შეჩერებას თაფლის მწარმოებელი ობიექტური მიზეზებით ხსნის და აცხადებს, რომ კომპანია პროდუქტის ექსპორტირებისთვის მზად იყო.

„თაფლის ექსპორტის შეფერხება ბაზრებზე ჩვენი პარტნიორებიდან გამომდინარე მოხდა, მათ დაინახეს რისკი იმპორტირებისას, თუმცა, ჩვენ მზად ვიყავით, რომ პროდუქცია გაგვეგზავნა“, - განაცხადა ვახტანგ ღლონტმა. 

მისივე თქმით, პანდემიის გამო სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებაც ვერ შეძლეს, რაც მათ ექსპორტის გაფართოებაში დაეხმარებოდათ. 

„2020 წელს პანდემიის გამო ვერ წავედით და ვერ მივდივართ გერმანიის მწვანე კვირეულზე, ვერ წავედით აზერბაიჯანის გამოფენაზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აფინანსებდა, ვერ ჩატარდა საქართველოში მეფუტკრეების გაფართოებული შეხვედრა“, - აღნიშნა „ღლონტების თაფლის“ მწარმოებელმა.

მიუხედავად ამისა, ღლონტების მეფუტკრეობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანია წლის ბოლომდე თაფლის ექსპორტირებას შეეცდება.

„დღეისთვის მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან მიმდინარეობს და სავარაუდოდ წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში პირველი პარტიები გაიგზავნება. დღეისთვის ჩვენი თაფლი ლაბორატორიულ შემოწმებას გადის, რის შემდეგაც შევთანხმდებით - რა რაოდენობის თაფლი შეიძლება გავიდეს, როგორი იქნება ექსპორტი და ა.შ“, - უთხრა BM.GE-ის ვახტანგ ღლონტმა.

მან საექსპორტო ქვეყნების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა, კვლავ ევროკავშირის ბაზარზე რჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა