10.ივნისი .2021 23:40

„პანდემიამ კუდი თუ არ მოიქნია, 2022 წელს ტურიზმი თითქმის აღდგება“ – კახა სამყურაშვილი

„პანდემიამ კუდი თუ არ მოიქნია, 2022 წელს ტურიზმი თითქმის აღდგება“ – კახა სამყურაშვილი
views 200
უკან

„პანდემიამ კუდი თუ არ მოიქნია, 2022 წელს ტურიზმი, 2019 წელთან შედარებით, თითქმის აღდგება“ - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ ვებინარზე საქართველოში ტურიზმის აღდგენის პროგნოზებზე საუბრისას განაცხადა.

Galt & Taggart-ის ტურიზმის აღდგენის განახლებული პროგნოზით, 2021 წელს ტურიზმის აღდგენა 2019 წელთან შედარებით 36%-ითაა მოსალოდნელი.

„წლის დასაწყისში რომ დაესვათ ეს შეკითხვა, უფრო ოპტიმისტური ვიქნებოდი, რადგან იმედი მქონდა, რომ ვაქცინაცია უფრო სწრაფად წარიმართებოდა და მასიური ვაქცინაცია მეორე კვარტალიდან დაიწყებოდა, ნაცვლად მესამე კვარტალისა, როგორც ახლა ხდება. ამ მოცემულობაში კარგი მაჩვენებელი იქნებოდა თუ 36%-იან აღდგენის ნიშნულს დავუბრუნდებით.

რაც შეეხება 2022 წლის აღდგენის პროგნოზებს, თუ პანდემიამ 2021 წლის ბოლოს, ან 2022 წელს კუდი არ მოიქნია, ვფიქრობთ, 2022 წელს ტურიზმის სექტორი, 2019 წლის ნიშნულთან მიმართებით, თითქმის აღდგება. უფრო პესიმისტურ და ოპტიმისტურ ვარიანტებსაც არ გამოვრიცხავთ, მაგრამ საბაზისო ვარიანტში 2022 წელი აღდგენის წელი იქნება, იქიდან გამომდინარე რომ წლის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი უნდა იყოს. თუ ეს ასე იქნება, მაშინ დასავლური სამყარო, განვითარებული ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასევე სრულად აცრილები იქნებიან და მოგზაურობის შიში მეტ-ნაკლებად უკან იქნება მოტოვებული. ზოგადად ამ განწყობებს გვიქმნის ის, რომ აბრაამ მასლოუ ცოცხალი რომ ყოფილიყო, მოგზაურობას თავის პირამიდაში ერთ-ერთ დაბალ საფეხურზე ჩაწერდა, იმიტომ რომ ადამიანებს ამ ჩვევას ვერაფერი ჩაუნაცვლებს, აქედან გამომდინარე, ეპიდემიოლოგიური საფრთხეების გადავლის შემდეგ ადამიანების მოგზაურობის სურვილი დიდი იქნება“, - განმარტა Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა