მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიამ სიღარიბესთან ბრძოლა აზიაში მინიმუმ 2 წლით შეაფერხა - ADB

6305d1d3b4079
მარიამ ვარადაშვილი
24.08.22 11:52
628
აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, (ADB) პანდემიამ მინიმუმ 2 წლით შეაფერხა სიღარიბესთან ბრძოლა აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უფრო გართულდება სიღარიბისგან თავის დაღწევა, ვიდრე ეს მანამდე იყო.

მოსალოდნელია, რომ რეგიონის ეკონომიკურმა ზრდამ მიმდინარე წელს უკიდურესი სიღარიბე შეამციროს — რაც დღეში 1.90 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლით განისაზღვრება, რისი მიღწევაც, რომ არა პანდემია 2020 წელს იქნებოდა შესაძლებელი, ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში — აზიისა და წყნარი ოკეანის 2022 წლის მთავარი ინდიკატორები.

მონაცემთა სიმულაციები ასევე აჩვენებს, რომ პანდემიამდელ პერიოდში რეგიონის დაბალი სოციალური მობილობის მქონე მოსახლეობამ — რაც სიღარიბისგან დაღწევის საშუალებაა —შესაძლოა უფრო ხანგრძლივი შეფერხება განიცადოს.

Covid-19-ის კრიზისმა შეაფერხა აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის შემცირების ხანგრძლივი ტენდენცია. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად ეკონომიკური აღმავლობისა, პროგრესი არათანაბარია. პანდემიას შესაძლოა ასევე გაეუარესებინა შემოსავლის გარდა, სიღარიბის სხვა ფორმები, როგორიცაა საკვებით მომარაგების ჯაჭვის დარღვევა და არასაკმარისი წვდომა ჯანდაცვის სერვისებსა და განათლებაზე.

„ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობა Covid-19-გან ყველაზე მეტად დაზარალდა და ეკონომიკების გაჯანსაღების მიუხედავად, მოსახლეობის დიდ ნაწილს სიღარიბისგან თავის დაღწევა კიდევ უფრო გაუჭირდება,“ განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.
„რეგიონის მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მედეგობაზე, ინოვაციასა და ინკლუზიურობაზე უფრო თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და მოსახლეობისთვის მეტი სოციალური მობილობის ხელშეწყობისთვის.“

2030 წლისთვის მოსალოდნელია რეგიონში უკიდურესი სიღარიბის დონის 1%-ზე შემცირება. მოსახლეობის დაახლოებით 25%-მა შესაძლოა მიაღწიოს მინიმუმ საშუალო ფენის სტატუსს, რაც დღიურად შემოსავლის ან მოხმარების 15 აშშ დოლარით განისაზღვრება და კორექტირდება მსყიდველობითი უნარის პარიტეტით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროგნოზის სიზუსტეს საფრთხეს უქმნის განსხვავებები სოციალურ მობილობაში და მოსალოდნელი არასტაბილურობა სხვადასხვა მიმართულებით.

განვითარებადი აზია დგას სტაგფლაციის, გლობალური მოთამაშეების მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტების, საკვებით მომარაგების ჯაჭვის მზარდი დარღვევისა და ენერგოფასების შოკის რისკის წინაშე.