მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიას მეტი სავალდებულო ვაქცინაცია დაასრულებს - ფაუჩი

61408ec8ae48f
თათია კაკიაშვილი
14.09.21 17:40
609
"მილიონობით ამერიკელის აცრა კვლავ სავალდებულოა იმისთვის, რომ COVID-19-ის გავრცელება შენელდეს ან საერთოდ დასრულდეს. პანდემიას კი ბევრად მეტი სავალდებულო ვაქცინაცია დაასრულებს," - ეს განცხადება აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ენტონი ფაუჩს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ თუკი უფრო მეტი ადამიანი არ დარწმუნდება აცრის აუცილებლობაში, მალე სკოლებსა და ბიზნეს სექტორის დარჩენილ ნაწილშიც ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ინფორმაციას "სიენენი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სწრაფად გავრცელებადი და გადამდები “დელტა” ვარიანტის და ვაქცინაციის შედარებით დაბალი ტემპის ერთობლიობამ აშშ პანდემიის საკმაოდ რთულ პერიოდზე გადაიყვანა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 63%-ია სრულად აცრილი. საგულისხმოა, რომ ეს მონაცემები, უკვე რამდენიმე კვირაა, 12 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც მოიცავს. ბუნებრივია, რომ ქვეყნის ჯანდაცვის ექსპერტები და ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციას, რათა ვირუსის მართვა შესაძლებელი გახდეს.

ცნობისთვის: გასულ კვირას, ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, რომლებიც, ძირითადად, საჯარო სექტორსა და ჯანდაცვის სფეროში არიან დასაქმებულნი, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. პრეზიდენტის ბრძანებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამიანებს რეგულარულად მოუწევთ სავალდებულო PCR ტესტირება. ამასთან, ის ბიზნეს ოპერატორები, რომლებსაც თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება სურთ, ვალდებულნი არიან, დასაქმებულებს აცრის დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვონ. ცხადია, ვაქცინაცია, უპირველეს ყოვლისა, დასაქმებულების უსაფრთხო გარემოში მუშაობას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება ვაქცინის გამაძლიერებელ, ე.წ. “ბუსტერ” დოზებს, მათ ფართო საზოგადოებისთვის გამოყენებას შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ. მეცნიერები ამბობენ, რომ პრეპარატების ეფექტიანობა სწრაფად გავრცელებადი დელტა ვარიანტის წინააღმდეგაც კი საკმაოდ მაღალია, რის გამოც “ბუსტერ” დოზების ყველა მოქალაქისთვის გაკეთება საჭირო არაა. ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების გამოყენება, მეცნიერების თქმით, მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის განიხილება.

სამაგიეროდ, აშშ-ის მოსახლეობა ოქტომბრის ბოლოს ელოდება, რომ "ფაიზერის" ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენებას ავტორიზაცია მიენიჭება, შედეგად დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში იმედოვნებენ, რომ ამ ასაკის ბავშვები წლის ბოლოს მინიმუმ ერთი დოზით უკვე აცრილები იქნებიან. რაც შეეხება მოსწავლეებს, სტუდენტებს და მასწავლებლებს, სასწავლო დაწესებულებებში, ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, პირბადეების ტარება სავალდებულოა.