მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულის წლები დასრულებულია - კატარინა ჰანსენი

635166f8ee89d
BM.GE
22.10.22 16:05
654
კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის, კატარინა ბიორლინ ჰანსენის განცხადებით, პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულის წლები უკვე დასრულებულია. თუმცა, ამასთანავე, კატარინა ბიორლინ ჰანსენი აღნიშნავს, რომ ამჟამად ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მაღალი ინფლაციაა.

“ეკონომიკური თვალსაზრისით რთული წლები გვქონდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს წლები უკვე დასრულებულია. საკმაოდ შთამბეჭდავია, რომ კომპანიებმა შეძლეს, რომ ემუშავათ და წარემართათ ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესებმა კორპორატიულ პასუხისმგებლობებზე ფოკუსირებაც შეძლეს.

საქართველოს ეკონომიკა დღეს ინფლაციის გამოწვევის წინაშეა, თუმცა ამ გამოწვევის წინაშეა მთელი მსოფლიო. საქართველო ღია ეკონომიკაა და ის ავტომატურად განიცდის იმ ცვლილებებს, რაც მსოფლიოშია. მნიშვნელოვანია აქტიურად მუშაობა ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, ასევე სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე.

საქართველოს აქვს კარგი ჩარჩოკანონმდებლობა ინვესტიციებისთვის. საკანონმდებლო საკითხებზე არსებობს ინვესტორთა საბჭო, სადაც ჩვენ პარტნიორებთან და მთავრობასთან ერთად განვიხილავთ საკითხებს, რათა საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდეს,”- აცხადებს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

რამდენიმე დღის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2022 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ორგანიზაციის შეფასებით, წელს ეკონომიკური ზრდა 8%-ს მიაღწევს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით მეტია. 2023 წლისთვის კი ეკონომიკური ზრდა 5%-ზე არის პროგნოზირებული.