14.ნოემბერი .2020 21:00

პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous

views 11956
უკან

პირბადის რეჟიმში უკვე რამდენიმეთვიანი ცხოვრების ფონზე, ცვლილებები კოსმეტიკურ ინდუსტრიაზეც აისახა და მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა მოთხოვნა წარბისა და თვალის დეკორატიულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით ტუშზე.

საერთაშორისო ტენდენციას საქართველოც მიჰყვება და ტუშზე, წარბის ფანქარზე და თვალის ჩრდილებზე გაზრდილ მოთხოვნას აქ მოქმედი კომპანიებიც ხედავენ, ამიტომაც ახალი ხაზის დამატების და ამ მიმართულებით პროდუქციის მეტად გამრავალფეროვნების გადაწყვეტილებაც მიიღეს. თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც კომპანია Voulez-vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ნოდიამ bmg-სთან საუბარში აღნიშნა, ყველაზე მეტად მოთხოვნა კონკრეტულად მაინც წითელ ტუჩსაცხზე გამოიკვეთა.

“დეკორატიულ კოსმეტიკაზე პანდემიის პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა განსაკუთრებით ითხოვენ წითელ ტუჩსაცხს, გვირეკავენ, გვწერენ და ითხოვენ კონკრეტულ ფილიალებში, კონკრეტული ბრენდის წითელი ტუჩსაცხის დამატებას, რადგან ამოყიდულია. არადა ეს ისეთი პროდუქტია, მისი დეფიციტი არასდროს იქმნება კომპანიაში, მაგრამ ასეთია დღეს რეალობა, ანალოგიური მდგომარეობა იყო 2008 წელს, ომის დროს, როდესაც ქვეყანაში ბომბები ფეთქდებოდა, ადამიანები წითელ ტუჩსაცხს ყიდულობდნენ ფილიალში”, – აღნიშნა ნინო ნოდიამ.

გარდა დეკორატიული კოსმეტიკისა, პირბადის რეჟიმმა განაპირობა სახის მოვლის პროდუქციაზეც მოთხოვნის ზრდა. როგორც "ისი პარის" პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ხატია შამუგია ამბობს, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პირბადემ გამონაყარი გაუჩინა და გარკვეული პრობლემები შექმნა სახის კანისთვის, ამიტომ ადამიანები უფრო მეტად ფულს ამ მიმართულებით ხარჯავენ.

“ჩვენ არ ვართ მიჩვეული, გარდა მედიკოსებისა, ამ დოზით პირბადის ტარებას და ამიტომაც შექმნა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში გამონაყარის პრობლემა და მეტად დაიწყეს სახის კანზე ზრუნვა და მკურნალობა, ამიტომ ეს ტენდენციაც თვალში საცემია გარდა დეკორატიული კოსმეტიკისა და საქართველოს მოსახლეობამ ამ მიმართულებითაც გაზარდა ხარჯები”, - აღნიშნა ხატია შამუგიამ.

შეგახსენებთ, რომ სილამაზის ინდუსტრიის მიმართულებით საქართველოში, გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვარცხნილობებზე მოთხოვნა, ხოლო მაკიაჟს სალონში ფაქტობრივად, აღარავინ იკეთებს. რაც შეეხება რიცხვებს, საქართველოში სილამაზის სალონების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ, მათი რიცხვი 4000-მდეა და მათი დიდი ნაწილი დაიხურა ან დროებით შეწყვიტა საქმიანობა.