მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის გამო მაკროეკონომიკური პროგნოზებიც გაურკვევლობით ხასიათდება - გვენეტაძე

61bb0bb8548ac
თელარა გელანტია
16.12.21 13:48
329
ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.

ამის შესახებ კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები უნდა დაამტკიცონ.

„ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად, 8%-დან 10.5%-მდე გაზარდა, მათ შორის ბოლო სხდომაზე 0.5 პროცენტული პუნქტით. იმისათვის, რომ ფასების დროებითი ფაქტორებით გამოწვეულმა ზრდამ ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი გავლენა არ მოახდინოს, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაამკაცრებს მას. ამგვარი პოლიტიკით და ზემოთაღწერილი ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.

ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი დინამიკა დიდწილად არის დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება ეპიდემიური მდგომარეობა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.

ვაქცინები ხელმისაწვდომია და ვაქცინაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ვირუსის ახალი შტამების გავრცელება კვლავ მნიშვნელოვან რისკად რჩება. ამის ფონზე ბუნდოვანია გლობალურად მობილობის სრულად აღდგენის და პანდემიურ მდგომარეობამდე დაბრუნების ტემპი. შესაბამისად, მაკროეკონომიკური პროგნოზებიც განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. პროგნოზები, დიდწილად, პანდემიის ხანგრძლივობასა და ვაქცინაციის სისწრაფეზეა დამოკიდებული. მსგავსი რისკები კი ინფლაციური ხასიათისაა და ჩვენც მკაცრი მონეტარული პოლიტიკისკენ მიმართული ვრჩებით“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.