მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის გავლენა ბრიტანელების დანაზოგებსა და ხარჯების სტრუქტურაზე

5ff0ad758b8db
თათია კაკიაშვილი
02.01.21 21:28
1156
2020 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა ნაკლები თანხა დახარჯეს და მეტი - დაზოგეს; მიზეზი პანდემიის დროს მაღაზიების, რესტორნების და ატრაქციონების დახურვაა. როგორც BBC წერს, Aldermore Bank-ის გამოკითხვის თანახმად, სახლიდან მომუშავე ბრიტანელებს საშუალოდ კვირაში 110 ფუნტი დაეზოგათ. Moneysupermarket-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით კი, ბრიტანელების ორმა მესამედმა თვეში 586 ფუნტი დაზოგა, რაც წელიწადში 7,032 გირვანქა სტერლინგია.

რაც შეეხება ხარჯების სტრუქტურას, BBC-ის ინფორმაციით, შარშან ბრიტანეთში ტანსაცმლის ყიდვაზე 15,6%-ით ნაკლები თანხა დაიხარჯა, ვიდრე - 2018-ში და ამის მიზეზიც, სავარაუდოდ, დისტანციური მუშაობა და ახალი სამოსის ნაკლები საჭიროებაა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2020-ში 28.6%-ით მეტი დაიხარჯა საკვებისა და სასმლის შესაძენად, ვიდრე 2019 წლის განმავლობაში.

პანდემიი ეფექტს წარმოადგენს ისიც, რომ 2020-ში ელექტრონულმა კომერციამ უზარმაზარი ზრდა განიცადა: წლის განმავლობაში ონლაინ სასურსათო შოპინგმა 70.3%-ით მოიმატა; სავარაუდოდ, სახლიდან მუშაობის გამო გაიზარდა მოთხოვნა კერძო ბინებზეც და ვირტუალური სამსახურები ცხოვრების ნორმა გახდა.

რაც შეეხება საწვავს, რომელსაც მოქალაქეების ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი ეჭირა, გამოცემა წერს, რომ შარშან ამ მიზნით დახარჯული თანხა მეხუთედზე მეტით შემცირდა - კლება 20,3% იყო, რადგან გასულ წელს გაცილებით ნაკლები გადაადგილება და მოგზაურობა აღირიცხა.