მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიის მიუხედავად გაყიდვებში ზრდა გვექნება“ - „მელაძე ინტერიერის“ მოლოდინი

5f77232ca93dc
ვიქტორია მღებრიშვილი
03.10.20 23:00
1586
ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძე ინტერიერი“ საგანგებო მდგომარების პერიოდში საწარმოო პროცესის ერთთვიანი გაჩერების მიუხედავად, წლიურად გაყიდვების ზრდას პროგნოზირებს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის მენეჯერი გურამ ნარსია ამბობს, საწარმოს გაჩერებამ მომხმარებელთა ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ამას დიდად გაყიდვებზე არ უმოქმედია.

„მომხმარებლები საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც გვირეკავდნენ, მაგრამ კომპანია ითვალისწინებდა ეპიდემიოლოგების რჩევებს და მისვლისა და აზომვის უფასო სერვისი შეჩერდა. ფაქტობრივად 1 თვეზე მეტ ხანს ავეჯი არ გვიწარმოებია, რამაც მომხმარებელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ჩვენ ხელშეკრულებებით ვმუშაობთ და გაწერილი გვაქვს ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მოქმედების წესები და ეს მდგომარეობა სწორედ ამას ითვალისწინებდა.

ვფიქრობთ, რომ კლება ამ პერიოდში განვლილი შეჩერების გათვალისწინებით არ გვექნება, რადგან ბოლო პერიოდში გუნდი კიდევ 10 ადამიანით გაიზარდა, რამაც გაზარდა ჩვენი წარმადობა“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

გურამ ნარსიას თქმით, კომპანიამ წარმოების პროცესი თავის სასიკეთოდ გამოიყენა და ტექნოლოგიების მიმართულება დახვეწა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო კომპანიამ ე.წ. „ჭკვიანი სამზარეულოების“ წარმოება.

2020 წლის მოლოდინებზე საუბრისას კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ რამდენით, თუმცა მიიჩნევენ რომ გაყიდვებში ზრდა ექნებათ.

„საგანგებო მდგომარების მოხსნის შემდეგ იმდენად ბევრი შეკვეთები დაგვიგროვდა რომ დღეში 15-20 მისამართზე მივდიოდით, იმისთვის რომ აზომვები განგვეხორიცლებინა, ეს რამდენიმე კვირა გაგრძელდა. დღეს ეს მონაცემები დასტაბილურდა და თვეში დაახლოებით 55 სამზარეულოს ვაკეთებთ. ვფიქრობთ, რომ წელს მაინც გაყიდვების ზრდით დავასრულებთ“, - უთხრა BM.GE-ის გურამ ნარსიამ.