13.ოქტომბერი .2021 21:30

პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის $3 მლრდ-ის ექსპორტი განხორციელდა - თურნავა

პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის $3 მლრდ-ის ექსპორტი განხორციელდა - თურნავა
views 313
უკან

საგარეო ვაჭრობის მონაცემებში, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა, საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის სექტემბრისა და იანვარ-სექტემბრის ექსპრეს მონაცემების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის $3 მილიარდის ექსპორტი განხორციელდა და მიმდინარე წლის 9 თვეში ქართული ექსპორტის ზრდამ 24% შეადგინა.

„ასევე თუ შევადარებთ პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, 9%-იანი ზრდა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პროდუქტებზე ინფორმაცია ჯერ არ ქვეყნდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სექტემბერში, ისევე როგორც წინა პერიოდში, ერთ-ერთ მთავარი ექსპორტიორი დარგი იყო დამამუშავებელი მრეწველობა, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება - ქართული ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები და ასევე სამრეწველო პროდუქტები. ასევე, მთავარ ექსპორტიორ დარგებს შორისაა პირველადი სოფლის მეურნეობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის პროდუქცია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12.8%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ $373.6 მლნ შეადგინა.

სექტემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში ექსპორტი 2019 წლის სექტემბრის ექსპორტს 22.3%-ით, $68.1 მლნ-ით აღემატება.

სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1%-ით გაიზარდა და $1,299.4 მლნ შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა