მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მიუხედავად, საქართველოს პორტებისა და რკინიგზის ტვირთბრუნვა გაიზარდა

5f106853c31bf
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.20 19:30
1494

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მოცულობა გაზრდილია. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, იანვარ-მაისის პერიოდში ქვეყანაში ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 15.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლებს 3.3%-ით აღემატება. 

2020 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს უმსხვილესი პორტის - ფოთის პორტის ტვირთბრუნვამ 3.4 მილიონი ტონა შეადგინა, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით უცვლელია. სხვა პორტებში არსებული დატვირთვის მოცულობა კი გაზრდილია. ჯამურად, ყველა პორტში დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 232.5 ათასს შეადგენდა, ამ მხრივაც ზრდა 0.16%-ია.

  • ფოთის პორტი - 3.4 მილიონი ტონა, ცვლილება 0%; 
  • ყულევის ტერმინალი - 0.7 მილიონი ტონა, ზრდა 16%;
  • ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 1.5 მილიონი ტონა, ზრდა 15.3%;
  • სუფსის საზღვაო ტერმინალი - 1.8 მილიონი ტონა, ზრდა 28.6%.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, მის მიერ გადაზიდული ტვირთების ჯამური ოდენობა 4.6 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 9.5%-ით მეტია. 

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდის მიუხედავად, 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანია მაინც სოლიდურ ზარალზე იყო. 

კომპანიის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, იანვარ-მარტის განმავლობაში ჯგუფის კონსოლიდირებული შემოსავლები მართალია 23.7%-ით იყო გაზრდილი და 122 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ამაზე ბევრად მეტად გაიზარდა რკინიგზის ხარჯები, რის გამოც კომპანიამ წლის პირველი კვარტალი 163.5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. 

"საქართველოს რკინიგზის" ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ხარჯების ზრდის მთავარი წყარო კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული ზარალი იყო. პერიოდის განმავლობაში კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე 188.9 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. შესაბამისად, ეს თანხა, საოპერაციო მოგებამ ვეღარ დააბალანსა და ფინანსურ შედეგებში 163-მილიონიანი ზარალი აისახა.