მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მიუხედავად, საქართველოს პორტებისა და რკინიგზის ტვირთბრუნვა გაიზარდა

5f4b60532eb3d
შოთა ტყეშელაშვილი
30.08.20 12:07
1484

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მოცულობა გაზრდილია. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყანაში ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 18.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლებს 2.7%-ით აღემატება. 

2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოს უმსხვილესი პორტის - ფოთის პორტის ტვირთბრუნვამ 4 მილიონი ტონა შეადგინა, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით უცვლელია. სხვა პორტებში არსებული დატვირთვის მოცულობა კი გაზრდილია.

  • ფოთის პორტი - 4 მილიონი ტონა, ცვლილება 0%; 
  • ყულევის ტერმინალი - 0.9 მილიონი ტონა, ზრდა 28%;
  • ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 1.7 მილიონი ტონა, ზრდა 6.2%;
  • სუფსის საზღვაო ტერმინალი - 2.1 მილიონი ტონა, ზრდა 16.6%.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, მის მიერ გადაზიდული ტვირთების ჯამური ოდენობა 5.5 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 7.8%-ით მეტია. 

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდის მიუხედავად, 2020 წლის პირველ ნახევარში კომპანია მაინც სოლიდურ ზარალზე იყო. მართალია 6.4%-ით იყო გაზრდილი და 245 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ამაზე ბევრად მეტად გაიზარდა რკინიგზის ხარჯები, რის გამოც კომპანიამ წლის პირველი კვარტალი 31.4 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.

"საქართველოს რკინიგზის" ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ხარჯების ზრდის მნიშვნელოვანი წყარო კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული ზარალი იყო. პერიოდის განმავლობაში კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე 85.1 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.

ცალკეული წყაროების მიხედვით, საქართველოს რკინიგზის შემოსავლების განაწილება ასეთია:

სატვირთო გადაზიდვები - 196,6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 6.4%;
ლოგისტიკური სერვისები - 28,9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 11.6%;
სამგზავრო გადაყვანები - 5,1 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 54.5%;
ვაგონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 10,9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 22%;
სხვა შემოსავალი - 3,4 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 40%.