29.აპრილი .2021 23:19

პანდემიის მორიგი მსხვერპლი - თბილისში “ჩაიხანა” დაიხურა

პანდემიის მორიგი მსხვერპლი - თბილისში “ჩაიხანა” დაიხურა
views 5401
უკან

რესტორანი „ჩაიხანა N1“ თბილისში დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია მენეჯერმა ია ოქროპირიძემ bm.ge-ს დაუდასტურა.

მისი თქმით, რესტორანი უკვე ზარალზე გადიოდა, ამიტომაც მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება ობიექტი დაეხურა მანამ, ვიდრე ვითარება არ დასტაბილურდება.

„რაც პანდემია დაიწყო, მას შემდეგ ბევრი პრობლემა შეიქმნა. პრობლემაა „კომენდანტის საათი“. როდესაც ხალხი მუშაობს დღის განმავლობაში და ობიექტი 20:00 საათზე უნდა დაკეტო, აღარ გყავს იმდენი სტუმარი, რამდენიც ადრე. ასევე თანამშრომლებმაც ხომ უნდა მიასწრონ სახლებში. რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ ვფიქრობდით აღარ გაგვეხსნა, მაგრამ მაინც გადავდეთ თავი, ჩავდეთ ფინანსები, თუმცა, აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ დროებით, სანამ პანდემია იქნება, ვარჩიეთ დახურვა. ძალიან დიდ ზარალზე გავდიოდით“, - ამბობს ია ოქროპირიძე.

„ჩაიხანა N1“-ს ობიექტები გუდაურსა და ბათუმშიც ჰქონდა. ორივე მათგანი დახურულია. „გუდაურში რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ აღარც გაგვიხსნია რესტორანი. 20 დღისთვის ხომ არ გავხსნიდით?! ხოლო ბათუმშიც იგივე პრობლემა გვაქვს, რაც თბილისში. ჯერჯერობით ვამბობთ, რომ დროებით ვიხურებით, თუმცა, შემდეგ რა იქნება, არავინ არ იცის“, - აღნიშნა მან.

რესტორნის მენეჯერი ასევე აღნიშნავს, რომ მომხმარებელი, ვინც ახერხებდა რესტორნებში მისვლას, ვეღარ ხარჯავდა იმდენ ფულს, რამდენსაც ადრე. „ამბობენ, რომ რესტორნებმა გაავრცელა კორონაო, ეს არ არის სიმართლე. რესტორნები ვერ გაავრცელებენ ვირუსს, ვინაიდან ჩვენ აღარ გვყავს ბევრი მომხმარებელი“, - დასძინა ია ოქროპირიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა