30.ნოემბერი .2021 23:00

პანდემიის პერიოდში „ბაიას ღვინის“ ექსპორტი 20-25%-ით გაიზარდა - კომპანიის გეგმები

პანდემიის პერიოდში „ბაიას ღვინის“ ექსპორტი 20-25%-ით გაიზარდა - კომპანიის გეგმები
views 710
უკან

„ბაიას ღვინო“ ექსპორტზე 14 ქვეყანაში გადის. კომპანიამ საექსპორტო ბაზრები პანდემიის პერიოდში აზიის მიმართულებით გააფართოვა და იმერული ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინის რეალიზება იაპონიაში, სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში დაიწყო.

BM.GE-სთან საუბრისას მცირე მეღვინეობის დამფუძნებელი ბაია აბულაძე ამბობს, რომ სულ მალე ისინი ჩინეთის ბაზარსაც აითვისებენ.

"პანდემიის პერიოდში მსოფლიოში ღვინის მომხმარებელთა რაოდენობა არ შემცირებულა. მიუხედავად იმისა, რომ ლოგისტიკურმა სირთულეებმა ტრანსპორტირება გაართულა და თავდაპირველად ამ პირობებთან ადაპტირება მოგვიწია, სწორედ პანდემიის პერიოდს უკავშირდება „ბაიას ღვინის“ აზიის ქვეყნებში შესვლა. ამ პერიოდში საექსპორტო ბაზრების რაოდენობა განსაკუთრებით აზიის მიმართულებით გაიზარდა. დღეისთვის ღვინო შეგვაქვს, იაპონიაში, სინგაპურში სამხრეთ კორეასა და ჩინეთშიც მალე დაგვემატება. ახალი ბაზრის ათვისების შემდეგ ექსპორტის მოცულობა წლიურად 20-25%-ით გაიზარდა“, - ამბობს ბაია აბულაძემ.



აზიის გარდა ბაიას რვა დასახელების ღვინო აქტიურად საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, ლატვიაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში რეალიზდება. კომპანიის წლიური წარმადობა 18 000 ბოთლი ღვინოა, საიდანაც 50% ექსპორტზეა მიმართული. მეღვინე აღნიშნავს, რომ მათი ღვინო უცხოურ ბაზარზე 7-8 დოლარად იყიდება.

„ბაიას ღვინის“ დამფუძნებლის თქმით, ყოველწლიურად ღვინის ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლების გათვალისწინებით, კომპანია წარმოების გაზრდასაც გეგმავს.

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში იმერული ვაზის ჯიშებისგან გაშენებული ცოლიკოურის, ციცქას, ოცხანური საფერეს ვენახები დღეისთვის 13 ჰა-ზეა გვაქვს განთავსებული, თუმცა დღეს ვენახების გაფართოება უკვე დაწყებული გვაქვს. ჯამში 200 000 ლარის ინვესტიციით ვენახების ფართობს 18 ჰა-მდე გავზრდით და 3-4 წელიწადში წარმადობაც 40 000 ბოთლამდე გაიზრდება“, - აღნიშნა მეღვინემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა