მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიის შემდეგ პირველი ნოემბერია, როცა ასეთი დატვირთვით ვმუშაობთ“ - Wonderland

6370b41f66029
მარიამ დემეტრაშვილი
13.11.22 13:36
514
საქართველოს ავიაციის სააგენტომ ზამთრის სანავიგაციო განრიგი დაამტკიცა. 30 ოქტომბრიდან 25 მარტამდე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან რეგულარული სამგზავრო რეისები 41 ავიაკომპანიის მიერ, 31 ქვეყნის 61 მიმართულებით შესრულდება. ეს კვირაში საშუალოდ 390 სიხშირეს ნიშნავს.

ავიაბილეთების ფასებსა და ტურისტული ნაკადების შესახებ BMG ტურისტული კომპანია Wonderland-ის დამფუძნებელ ქეთი დოჭვირს ესაუბრა. ის ამბობს, რომ საქართველოში ზამთრის სანავიგაციო სეზონი აქტიურია. დოჭვირის ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ პირველად, ტურისტებმა კვლავ დაიწყეს მოგზაურობის დიდი ხნით ადრე დაგეგმვა და ჯავშნების გაკეთება.

„პანდემიის შემდეგ, წელს პირველი შემოდგომაა, როცა ჯავშნებს ერთი წლით ადრე ვიღებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია იმიტომ, რომ პანდემიის პერიოდში ჯავშნები მხოლოდ ბოლო წუთს კეთდებოდა. დღეს სიტუაცია შეიცვალა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 1 წლის გეგმას ვაკეთებთ, ვიღებთ ძალიან ბევრ ჯგუფურ ჯავშანს. ეს ძირითადად ეხება აზიის ქვეყნებს. ძალიან გვიხარია, რომ ეს პირველი ნოემბერია, როცა ასეთი დიდი დატვირთვით ვმუშაობთ.

დავიმატეთ ისეთი ბაზრები, რომლებისთვისაც ზაფხულში მოგზაურობა საერთოდ არ იყო საინტერესო და ამ შემთხვევაში დიდი აქცენტი გავაკეთეთ შემოდგომაზე, გაზაფხულსა და ნაწილობრივ ზამთარზე. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოთხივე სეზონის განმავლობაში საკმაოდ დიდი დატვირთვით ვმუშაობთ. ეს განსაკუთრებით ეხება აზიურ ბაზრებს“, - ამბობს Wonderland-ის დამფუძნებელი.

რაც შეეხება ავიაბილეთების ფასებს, ქეთი დოჭვირის თქმით, ზაფხულთან შედარებით, კლების ტენდენცია შეინიშნება. ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ ზაფხულში დაბალბიუჯეტიანი და სტანდარტული ავიაკომპანიების ბილეთების ფასი ერთმანეთს გაუტოლდა, ახლა კი მათ შორის სხვაობა ისევ შეინიშნება.

„წლევანდელ ზაფხულზე იყო ძალიან დიდი მოთხოვნა, თუმცა იყო უაზროდ გაზრდილი ფასები. მსგავსი რამ ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა. ერთმანეთს გაუთანაბრდა დაბალბიუჯეტიანი და სტანდარტული ავიაკომპანიების ბილეთების ფასი. ამან ძალიან დიდი პრობლემები შექმნა ბაზარზე. დაბალბიუჯეტიანის ცნება, ფაქტობრივად, გაქრა. აბსოლუტურად იდენტური იყო „ვიზეარის“ და „თურქეთის ავიახაზების“ ან „ლუფთანზას“ ფასები, რაც ჩვეულებრივ, სტანდარტულ სიტუაციაში არაადეკვატურია.

შემოდგომაზე სიტუაცია უფრო დასტაბილურდა; დაიწია ამ ფასებმა და იგივე ტენდენციაა, რაც პანდემიამდელ პერიოდში იყო. განსხვავება უკვე იგრძნობა დაბალბიუჯეტიანს და სტანდარტულ ავიაკომპანიას შორის“, - განაცხადა ქეთი დოჭვირმა.

ამასთან, Wonderland-ის დამფუძნებლის აზრით, ავიაბილეთების ფასი ისეთივე ხელმისაწვდომი, როგორიც პანდემიამდე იყო, აღარ იქნება.