მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიურ პერიოდში "ოცნების" შემომწირველმა 210-მა კომპანიამ უტენდეროდ სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო - TI

6242ccea316df
BM.GE
29.03.22 13:25
1163
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით 1.7 მლრდ ლარამდე ჯამური ღირებულების 21 ათასამდე მსხვილი კონტრაქტი გაფორმდა. 1.7 მლრდ ლარიდან 1.2 მლრდ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების და გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით დაიხარჯა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშიდან ირკვევა, რომ იმ კომპანიებს შორის, რომლებსაც სახელმწიფო კონტრაქტები გაუფორმდათ, 210 "ქართული ოცნების" შემომწირველი იყო.

"1.7 მლრდ ლარის გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან, „ქართული ოცნების“ და მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებმა 156 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს. 156 მლნ ლარი 210 კომპანიაზე და 11 ფიზიკურ პირზე ნაწილდება. რომლებმაც 2013-2021 წლებში პირდაპირ ან დაკავშირებული პირების მეშვეობით „ქართულ ოცნებას“ ჯამში 14 მლნ ლარზე მეტი შესწირეს, მათ შორის 5 მლნ ლარამდე პანდემიის დაწყების შემდეგ.

უშუალოდ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების გარეშე, კერძო კომპანიებთან გაფორმებულ შესყიდვებში, სახელისუფლო პარტიის შემომწირველების მიერ მიღებული კონტრაქტების წილი 17%-მდე იყო.

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პირდაპირი შესყიდვის გზით 9 მლნ ლარის კონტრაქტები 192-მა ახლად დაფუძნებულმა (6 თვეზე ნაკლები დრო რეგისტრაციიდან) კომპანიამ მიიღო. მათ შორის, 22 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა. მაგალითად, კომპანია „დი ჯი ელს“ „მოსავლის მართვის კომპანიამ“ დაფუძნებიდან 6 დღეში გაუფორმა 900,000 ლარის ღირებულების კონტრაქტი.

ახალდაფუძნებულ კომპანიებისთვის კონტრაქტების გაფორმებით ძირითადად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გამოირჩევიან. ახალბედა კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში, განსაკუთრებით, გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობა კორუფციის რისკებს ზრდის და საქონლის ან მომსახურების ხარისხის მიმართ კითხვებს აჩენს.

გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა - 486 მლნ ლარი ჯანდაცვის სფეროს მომსახურებებზე დაიხარჯა, რაც ძირითადად „კოვიდ პაციენტების“ მკურნალობას მოიცავს. შემდეგ მოდის სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შეძენა 276 მლნ ლარით. სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად და „კოვიდ სასტუმროებად“ დაქირავებაზე დაახლოებით 152 მლნ ლარი დაიხარჯა.

გამარტივებულ შესყიდვებში ყველაზე მეტი თანხა - 355 მლნ ლარი სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტომ“ დახარჯა. აღნიშნული სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებში „კოვიდ პაციენტების“ მკურნალობაზე აფორმებს კონტრაქტებს.

მიმწოდებლებიდან ყველაზე მეტი თანხა სს „ევექსის ჰოსპიტლებმა“ მიიღო - 44 მლნ ლარი. შემდეგ მოდის შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ – 27 მლნ ლარით.

მსხვილი მიმწოდებლები იყვნენ სახელმწიფო სსიპ-ები, შპს-ები და ა(ა)იპ-ებიც. მათ პანდემიის დროს ჯამში 355 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები მიიღეს,"- წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.