მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიური ბანკინგი - ბლოგი

60a15b796a36e
ლუკა მიმინოშვილი
16.05.21 21:44
1777
პანდემია გლობალურ ეკონომიკას ისტორიულ გამოწვევას უქმნის; ბიზნესსამყარო კი უკვე წელზე მეტია ცდილობს, გაუმკლავდეს პანდემიით გამოწვეულ კრიზისს. საქმე საკმაოდ რთულადაა, შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლობალურ ეკონომიკას მსგავსი გამოწვევა არ ჰქონია, თუმცა მსოფლიოს პრობლემების მიმოხილვა შორს წაგვიყვანს, ამიტომ საქართველოზე ვკონცენტრირდეთ. უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკა მშვიდ სიტუაციაში არც კორონავირუსის პანდემიამდე იყო.
პანდემიამდე იყო 2019 წლის ივლისი და რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა, რასაც ტურიზმის სექტორზე მნიშვნელოვანი შოკური ეფექტი ჰქონდა, თუმცა ეს გადავლახეთ. გადავლახეთ და ახალი წლის დაგეგმვასა და წინსვლის მოლოდინში მყოფებს დაგვეწია COVID-19, რომელიც ქვეყნისთვის აქამდე გამოვლილთა შორის ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა.

საქართველოს პანდემიური წლის შეჯამებით ვიგებთ, რომ 2020 წელს ეკონომიკური კლება 6.2 % იყო. ქვეყანას მსგავსი შედეგი 1994 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2008 წელს მსოფლიოს ფინანსური კრიზისისა და ომის დროსაც კი ეკონომიკური კლება 3.7 %-ს არ გასცდენია. ამასთან, 2020 წლის თებერვალში ერთი დოლარის ღირებულება 2.79 ლარი იყო, მარტში პირველი ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ კი 3.48 ლარი გახდა.ამ მიმართულებით არც დღეს გვაქვს უკეთესი მდგომარეობა.

2020 წელს ბიზნესები გადარჩენისთვის იბრძოდნენ, ხშირ შემთხვევაში საგადასახადო და საბანკო ვალდებულებების გადავადებაზე შეღავათები საკმარისი არ აღმოჩნდა. გადარჩენისთვის ბრძოლაში სამუშაო ადგილების შემცირების საჭიროებაც დადგა.
წარსულის შეფასებასთან ერთად მნიშვნელოვანია მომავლის მოლოდინიც.

მოლოდინს რაც შეეხება: ჯერჯერობით, შუალედურად გვაპარებენ სტატისტიკას, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, იმისთვის რომ არ ჩაიკეტოთ დაიცავით რეგულაციებიო, მეორე მხარეს კი, მოსახლეობის ნაწილი „კომენდანტის საათსა“ და არსებულ შეზღუდვებსაც აპროტესტებს.

მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკის იქითაც გვიჭირს ერთმანეთის მოსმენა და აბა რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?! საუბარი არა მხოლოდ კომენდანტის მოხსნა-დატოვებასა და პანდემიის ნეგატიური გავლენის შემცირებაზე, არამედ სხვა თემებზეც გვიჭირს, მოკლედ - ყველაფერზე. არც ის ვიცით, რა მიმართულებით, რა პოტენციურ სურათს უნდა ველოდოთ.

მოლოდინები პანდემიის მართვის გარდა, არის ეკონომიკურ ნაწილშიც. როგორც ჩანს, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყება სებ-ისთვის ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს და მიმდინარე წელს მშპ-ის 4 %-იან ზრდას პროგნოზირებს. რამდენად ფრთხილია ოპტიმიზმი, ეს კიდევ სხვა ამბავია, ამასაც ვნახავთ და შეფასების საშუალებაც გვექნება. პირველი კვარტლის მონაცემებით, საშუალო რეალური კლება 4.2% იყო. ამ მაჩვენებლისა და არსებული მდგომარეობის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკას 4%-იანი კი არა ზრდისაც არაფერი უჩანს.

აღნიშნულ მაჩვენებელს კარგად დააკვირდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აზიის განვითარების ბანკი, რომელთაც ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 3.5%-მდე შეამცირეს. სავარაუდოდ, სამომავლოდ ამ მაჩვენებლის გადახედვაც მოუწევთ.
მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის პირველივე ეტაპიდან საქმეში აქტიურად ჩაერთო საბანკო სექტორი, თუმცა ქვეყნების ეკონომიკური სტრუქტურის მიხედვით, საბანკო სექტორის როლი ყველგან ერთნაირი არ არის.

Covid-პანდემიამდე საქართველოში ყველა მიმართულება თუ სექტორი კაპიტალის მოსაზიდად დიდწილად სწორედ საბანკო რესურსს იყენებდა, ასე იყო ფიზიკურ პირთა ნაწილშიც, სადაც მნიშვნელოვანი შენაძენები (სახლი, ავტომობილი) სწორედ საბანკო სესხის დახმარებით სრულდებოდა.

კომერციულ ბანკებსაც და მარეგულირებელსაც, ცხადია, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებდათ და დღესაც ასეა, რათა დაიჭირონ ოქროს შუალედი რისკიანობის გაზომვის ნაწილში, იმისთვის, რომ ზედმეტი რისკიანობით საფრთხე არ შეუქმნან კომპანიათა სტაბილურობას, ხოლო ზედმეტად კონსერვატიული მიდგომით არ შეაფერხონ ეკონომიკური განვითარება.

ვფიქრობ, საბანკო სექტორის როლი დღემდე არაა სრულყოფილად შეფასებული. დღემდე მოისმენთ პრეტენზიას საბანკო სესხების პროცენტებზე, საშეღავათო პერიოდისას არსებულ ცვლილებებზე და ა.შ.

პრეტენზიათა შემდეგ კი ვისმენთ, რომ ევროპაში საპროცენტო განაკვეთები გაცილებით მცირეა, რომ სხვა ქვეყნების მდგომარეობა არ ჰგავს საქართველოს მდგომარეობას, რომ რომელიღაც ბანკი პენსიონერებს სავალო პროდუქტში ზედმეტად ბევრ პროცენტს ახდევინებს და ა.შ. და ამ ყველაფერზე არა სფეროს სპეციალისტები არამედ „ყველაფერშიკი მოყვარულები“ მსჯელობენ.
თუმცა ეს განა მხოლოდ საბანკო სექტორის შემთხვევაშია ასე?! ცხადია - არა. „გვესმის“ ყველაფერი და რატომ არ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, თან თუ „სადღაც რაღაც“ ქულასაც დაწერს.

საბანკო სექტორი კი, ცხადია, ისეთივე „ომახითა და შემართებით“ არ უტევს ამ აზრთა გამხმოვანებლებს, როგორც ამას მთავრობა აკეთებს ხოლმე საპირისპირო აზრის გაჟღერებისას.

ბანკების წარმომადგენლები ისმენენ და ცდილობენ ახსნან - გამგები გაიგებს, დანარჩენებთან კი მუშაობა გრძელდება.
საბანკო სექტორს მოქალაქეებამდე ხმის მიწვდენაში საქმიანი მედია ეხმარება.

მიმდინარე პანდემიის ფონზე საბანკო სექტორის როლი მხოლოდ რისკის გაზომვით და დაკრედიტების პოლიტიკით როდი შემოიფარგლება, კოვიდის საწყის ეტაპზე ბანკებმა მთელი რიგი ცვლილებები გაატარეს, რომელსაც სებ-მაც აუბა მხარი. ბანკები, ფაქტობრივად, მიკრო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების გადამრჩენელად მოგვევლინნენ. ცვლილებების ერთ ნაწილზე წარსულში ვისაუბრე, დანარჩენზე კი დღეს მოგიყვებით.

მთავრობის არცთუ წარმატებული მენეჯმენტის ფონზე, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საბანკო სესხი, ფაქტობრივად, ყველა ოჯახისა თუ ბიზნესისათვის ნაცნობი ცნებაა, სებ-სა და კომერციულ ბანკებს მეტი პასუხისმგებლობა მართებდათ.

მთავრობის გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, კომერციულ ბანკებს მათ ნაბიჯებზე პასუხის გაცემა აქციონერებთან გაცილებით ხშირად უწევთ ხოლმე. ეს მაკონტროლებელი როლი კი, კომერციულ ბანკებს სწრაფად და ეფექტიანად მუშაობის ვალდებულებას უჩენს, ასევე ხდებოდა პანდემიის საწყისებშიც, ასეა დღესაც.

ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ბანკებმა და სებ-მა ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით განახორციელეს:

1. საბანკო სექტორის ფინანსური მდგრადობისათვის განხორციელებული ცვლილებები;
2. ცვლილებები ციფრული არხების როლში, საოპერაციო მოდელების ცვლილება ბიზნესის მდგრადობისათვის;
3. სამუშო ლოკაციის ცვლილება - დისტანციური მუშაობა, გამოწვევა და შესაძლებლობა;

საბანკო სექტორის ფინანსური მდგრადობისათვის განხორციელებული ცვლილებები

პანდემიის დაწყებიდან ცხადი გახდა, რომ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდებოდა, რაც გაზრდიდა უმოქმედო სესხების მოცულობასა და რაოდენობას. 2020 წლის ბოლოსთვის უმოქმედო სესხების მოცულობა მანამდე არსებული 3.7%-დან, 8.8%-მდე გაიზარდა, ამას კი შემხვედრი ნაბიჯები სჭირდებოდა.

რისკების მართვის ნაწილში ცვლილებები მყისიერ შედეგს ვერ მოიტანდა, ამიტომ სებ-მა მსოფლიოში მანამდე განხორციელებული ცვლილება საქართველოსთვისაც სწორ გადაწყვეტილებად ჩათვალა და კაპიტალის რეგულირების ნაწილს გადახედა.
ბანკები აგროვებენ კაპიტალს იმისთვის, რომ შეძლონ მოულოდნელი ზარალის გამკლავება. მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების მიღმა, რომლებიც ძირითადად მიკროპრუდენციულ მიდგომას მიჰყვება, ბანკები ასევე აგროვებენ კაპიტალურ ბუფერებს, რომლებიც გარკვეულწილად მაკროპრუდენციულია, მთლიანობაში ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს კი ჯამურად აზღვევს ქცევის სისტემური შედეგებისგან და მთლიანობაში ფინანსური სისტემის სტაბილურობას უზრუნველყოფს, რათა თავიდან იქნას აცილებული საკრედიტო და სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური მომსახურების დარღვევები, რაც აუცილებელია სტაბილური ეკონომიკური ზრდისათვის.

კრიზისის საპასუხოდ და იმ შიშის გამო, რომ გაურკვევლობას შეიძლება შეემცირებინა დაკრედიტების ტემპი, სებ-მა ბანკებს კაპიტალის ბუფერების გამოყენების საშუალება მისცა. საბანკო სექტორს 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალი გამოუთავისუფლა, რაც სებ-ისვე თქმით, შეიძლება მიმართულიყო პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის დასაკრედიტებლად. სებ-მა ბუფერის გამოთავისუფლებიდან დაბრუნებული თანხის ნაწილი, 1.2 მილიარდი თავადვე პოტენციური დანაკარგების რეზერვისათვის უკან წაიღო. სებ-ის პირველ ქმედებას და კაპიტალის გამოთავისუფლებას საბანკო სექტორი დადებითი შეფასებით შეხვდა, თუმცა განსხვავებული იყო შეფასებები სავარაუდო დანაკარგების მსგავსი მოცულობით რეზერვირებისას. აქ ის შემთხვევა გვაქვს, მოკლებას მორჩენა რომ სჯობს და სებ-ის კონსერვატიულობის გაკრიტიკება ამ ნაწილში შეიძლება არც ღირდეს, მით უფრო, როდესაც არც 2021 წელი დაიწყო მოლოდინების შესაფერისად და განსხვავებულად დაწყებული წელი არსებულ ვალდებულებათა გადახდისუნარიანობას კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მხოლოდ გამოთავისუფლებული ბუფერი აღნიშნულ მწვავე კრიზისს ვერ გადააგორებდა, ამიტომ საბანკო სექტორს სხვა მიმართულებით აქტივობაც მოუწია. სექტორმა მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები, ხარჯების ძველ ნიშნულზე შენარჩუნება ბიზნესუწყვეტობისა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნისათვის შესაძლოა მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ყოფილიყო. სწრაფად ადაპტაციის უნარი მსგავსი კრიზისებისას გადამწყვეტია. ეს გაკვეთილი საბანკო სექტორმა 2008-2009 წლის კრიზისიდანაც მიიღო. გარდა გადარჩენისა, სწრაფი ადაპტაცია ბაზარზე დაწინაურების შესაძლებლობასაც აჩენს.

წარსულმა გამოცდილებამ და სექტორის წარმატებულმა მენეჯმენტმა ადაპტაციისათვის ხარჯების ოპტიმიზაცია დაიწყეს.
ხარჯები შემცირდა აპარატის შენახვის ნაწილში, შედეგად 2019 წლის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით დახარჯული 730.25 მლნ ლარის მაგივრად, 2020 წელს 692.1 მლნ ლარი დაიხარჯა. ასევე სავარაუდოა, რომ მოხდა ხარჯში სტრუქტურული ცვლილებაც და ე.წ. წინა ხაზის თანამშრომლების ანაზღაურების შემცირების ხარჯზე გაიზარდა ისეთი მიმართულებით მომუშავე ჯგუფთა დანახარჯები, როგორებიცაა: პროგრამისტები, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები და ტექნოლოგიური დახვეწის მიმართულებით მომუშავე ადამიანები.

ეს ისე მოხერხდა, რომ ფაქტობრივად, უცვლელად შენარჩუნდა თანამშრომელთა რაოდენობა, თუმცა გარდა რაოდენობისა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამას არ შეემცირებინა თანამშრომელთა პროდუქტიულობაც.

ცვლილებები ციფრული არხების როლში, საოპერაციო მოდელების ცვლილება ბიზნესის მდგრადობისათვის

საბანკო დაწესებულებებს სჭირდებათ მოქნილობა და ბიზნესის გამძლეობა, მომხმარებლის განვითარებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ამისთვის, პანდემიურ გარემოში, მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო საჭირო, ცვლილებები, რომელიც დაცლილი იქნებოდა ბიუროკრატიული პროცესისგან და სწრაფად მივიდოდა მომხმარებლამდე. ამან ზოგ შემთხვევაში ნამდვილად გამოიწვია ფორმალობებისა და სრულყოფის ნაწილის შემცირება, რასაც სწრაფი ცვლილების აუცილებლობა ამართლებდა.

ცხადი იყო რომ „ჩაკეტილობის“ დროს საუკეთესო საშუალება გაციფრულება იყო, სასტარტო პოზიცია ყველა ბანკს მსგავსი არ ჰქონია, ზოგი პანდემიამდეც დიდ რესურსს ხარჯავდა გაციფრულების მიმართულებით, ზოგი კი - ნაკლებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე თვეში საბანკო სექტორმა სწრაფი ტემპებით მოახდინა ციფრული არხების დახვეწა და მრავალი ისეთი პროდუქტისა თუ მომსახურების გააუმჯობესება, რომლის განხორციელებაც მოკლევადიან გეგმებში ნამდვილად არ ჯდებოდა. პანდემიის ფონზე შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, რაც გარკვეულწილად მომხმარებლის სამუშაო გარემოს ცვლილების შედეგი იყო.
სამსახურთა დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, სწორედ ამიტომ გაჩნდა ახალი გამოწვევები, რისკები და შესაძლებლობები. გაზრდილი საბარათე ოპერაციები ზრდიდა თაღლითური ოპერაციების რისკებს, თუმცა ციფრულ არხებში მომხმარებლის მიერ გატარებული დროის ზრდა ახალი სერვისების შეთავაზების საშუალებას აჩენდა. ცხადია, აღნიშნული სერვისები და მომსახურება მომავალში კიდევ უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი გახდება, თუმცა შეუძლებელია ყურადღება არ გავამახვილოთ იმ სწრაფ ტემპებზე, რომელმაც ციფრული ბანკინგის მიმართულებით მნიშვნელოვნად ააჩქარა ქართული საბანკო სისტემა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში ფინტექეკოსისტემის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, გაცილებით რადიკალური ცვლილებები გვენახა, თუმცა ამ ნაწილში ღია ბანკინგის სრულად დანერგვას ველით, რომელიც საბანკო სექტორისათვის უკვე გაეშვა.

სამუშო ლოკაციის ცვლილება - დისტანციური მუშაობა, გამოწვევა და შესაძლებლობა

სხვა მიმართულებების მსგავსად საბანკო სექტორსაც გაუჩნდა დისტანციურად მუშაობის საჭიროება, ეს კი საბანკო სფეროში კომპიუტერებისა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გარეშე შეუძლებელი იყო. ამან გარკვეულწილად გაზარდა ხარჯები, რადგან ბანკებს მომენტალურად მოუწიათ აღნიშნული ტექნიკური საშუალებების შეძენა, ასევე მიუხედავად ინფორმაციის დაცულობისა, გაჩნდა ჩვენს საუკუნეში ყველაზე ღირებულის, ინფორმაციის გატანა, გავრცელება, გასაჯაროების, ჯამში კი, ინფორმაციის დაუცველობის რისკი, თუმცა როგორც სხვა ბევრი მიმართულებითაც, საბანკო სექტორმა და თანამშრომელთა კორპორატიულმა კულტურამ გვაჩვენა, რომ პასუხისმგებლობის ნაწილში სად, სად და საბანკო სექტორში პრობლემები ნამდვილად არ არის. ეს კი არა მივიღეთ შემდეგი სურათი, რომ 8-საათიანი სამუშაო დღე უცებ ოცდაოთხსაათიან სამუშაო დღედ გადაიქცა, რაც სწორედ თანამშრომელთა პასუხისმგებლიანობიდან გამომდინარეობდა. თანამშრომლებს გაუჭირდათ დროის გადანაწილება და კონტროლი, თუმცა ჩაკეტილობისას არსებულმა სამუშაო პირობებმა, შედეგად ნაკლებად პროდუქტიული და გადაღლილი თანამშრომლები მოიტანა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში მოუწიათ საბანკო სფეროში მომუშავე ადამიანებს „ნალოქდაუნარ“ ოფისებში გასვლა.

ბანკები იმ გამონაკლისშია, რომელიც მიუხედავად მთავრობის მიერ დადგენილი „არდადეგებისა“, მაინც უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას, განსხვავება შეიძლება მხოლოდ ლოკაციაში იყო; გასარკვევი ისაა, თანამშრომლებს კიდევ მოუწევთ ისევ დისტანციური და მეტად სტრესული, ხშირ შემთხვევაში სამუშაო პროცესისათვის შეუსაბამო გარემოდან თუ ოფისიდან მუშაობა, თუმცა საბანკო სექტორი გამონაკლისი მხოლოდ „არდადეგებისას“ როდია, ის ასევე იმ იშვიათ სექტორთა შორისაა, რომელიც მთელი მონდომებით და სულისკვეთებით მუშაობს საკუთარი თუ სხვათა, ჯამში კი, ეკონომიკის კეთილდღეობისათვის.

მანამდე კი ყოჩაღ და წარმატებები მთელ საბანკო სექტორს. ახლა გაჩერების - არა, ახლა ამუშავების დროა, ამიტომაც არ გაჩერდეთ!