მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანიკა არის ჩვენი ყველაზე დიდი მტერი, - Inn Group Hotels-ის აღმასრულებელი დირექტორი

5e5e7963c5e2c
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.20 19:40
1772
ამ შემთხვევაში პანიკა არის ჩვენი ყველაზე დიდი მტერი, - ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმრობის ქსელის მმართველი კომპანია "ინ ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ საქართველოს ტურიზმის ბაზარზე კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც „ინ ჯგუფის“ სასტუმროების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, დატვირთვა კურორტებზე უფრო მაღალია, ვიდრე თბილისში.

„მთელ საქართველოში დაბალი ტურისტული სეზონია, შესაბამისად არ იგრძნობა იმდენად, რომ ცვლილება არის. ცვლილება გვაქვს მომავალ ორ თვეში, როდესაც ძალიან ბევრ სტუმარს ველოდით სხვადასხვა ქვეყნებიდან და პანიკის გამო, დაიწყეს ჯავშნების გაუქმება.

ჯავშნებით, თბილისში ჩვენი სასტუმროების დატვირთულობა მარტში 75% იყო, ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი 25%-მდე შემცირდა. ჯავშნები ძირითადად აზიური ქვეყნებიდან გაუქმდა. კურორტებზე ჩვენმა მიდგომამ - წაგვეხალისებინა შიდა ტურიზმი ფასების კლებით, იმოქმედა და სასტუმროების დატვირთულობა საკმაოდ მაღალია, მაგრამ ეს ძირითადად ადგილობრივების ხარჯზეა შენარჩუნებული“, - აცხადებს ერეკლე კოკაია.

ის მიიჩნევს, რომ კონკურენტუნარიანი ფასის მიწოდება ბაზარზე საკმაოდ ეფექტურია და ასეთ კრიზისულ პერიოდში კომპანიას და ქვეყანასაც პოზიციონირებაში ეხმარება.

„ინ ჯგუფის“ დაფუძნებიდან ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მომხარებლისთვის ისეთი ფასები შეგვეთავაზებინა, რაც თვითონ ქვეყანას გახდიდა კონკურენტუნარიანს და ფასების გამო, ხშირად არის ხოლმე, რომ როდესაც არჩევა უწევთ - საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, საქართველოს ირჩევენ, იმიტომ რომ ჩვენ ვთავაზობთ კარგ პროდუქტს დაბალ ფასად“, - ამბობს „ინ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ერეკლე კოკაია ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასეთ კრიტიკულ პერიოდებში სწორი მიდგომა ხსნის იმ რისკს, რომელიც ერთი კონკრეტული ბაზრიდან შეიძლება მიადგეს ბიზნესს.

„თუმცა დღეს კორონავირუსის გაზრდილი საფრთხეების გამო მოთხოვნა შემცირებულია ისეთი სტაბილური ბაზრებიდან, როგორიცაა არაბეთის ქვეყნები და ისრაელი. ამ შემთხვევაში პანიკა არის ჩვენი ყველაზე დიდი მტერი“, - ამბობს ერეკლე კოკოაია.