03.აპრილი .2020 20:39

პაპუნა ლეჟავა: 1.6 მლრდ ლარი ბანკებს ზარალის შემცირებაში და დაკრედიტების ზრდაში დაეხმარება

views 576
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გადაცემა “საქმიან დილაში” სებ-ის მიერ კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნების შემცირების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არსებულ ვითარებაში კომერციულ ბანკებს მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის შემცირებასა და ეკონომიკის დაკრედიტების ზრდაში დაეხმარება.

“განსხვავებთ 2008-2009 წლების კრიზისებისა, რომელიც სწორედ საფინანსო სექტორმა გამოიწვია და საფინანსო სექტორს დასჭირდა დახმარება, ამ კრიზისს სრულიად განსხვავებული სურათით ხვდება საფინანსო სისტემა. წლების განმავლობაში ხდებოდა ბუფერებისა და კაპიტალის ლიკვიდობის დაგროვება. საქართველოში განსაკუთრებით საფინანსო სექტორი იყო განსაკუთრებულად მომგებიანი, უმოქმედო სესხები არის დაბალი და დღეს შეიძლება ვთქვათ პირიქით, საფინანსო სექტორი უნდა მოეხმაროს დანარჩენ ეკონომიკას ამ კრიზისის შედარებით უფრო რბილად გადატანაში. ამაზე მეტყველებს ბანკების მიერ გაჟღერებული სამთვიანი მორატორიუმიც, რაც გამოცხადებულია სესხებზე. ამის ფუფუნება სწორედ ამიტომ აქვთ დღეს ბანკებს და არამხოლოდ ბანკებს, რომ მათი ფინანსური სიძლიერე არის საკმაოდ მაღალი.

ჩვენი საზედამხედველო სტრატეგიის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ არ შეჩერდეს ეკონომიკის დაკრედიტება, მოხდეს დანაკარგების მინიმიზაცია, რათა ჩვენ მომავალში, როდესაც უკვე კრიზისი გადაივლის ახალი ძალით შევუწყოთ ხელი ეკონომიკის დაკრედიტებას და ზრდას.

1.6 მილიარდი ეს არის სწორედ ის დაგროვილი ბუფერის ნაწილი, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გვიგროვდებოდა საბანკო სისტემაში. თუ საჭირო იქნება ამაზე მეტის გამოთავისუფლებაც შეიძლება. ეს 1.6 მილიარდი საშუალებას მისცემს საბანკო სისტემას, რომ გაანეიტრალოს ის პოტენციური ზარალი, რაც ამ პერიოდში შეიძლება ჰქონდეს, ან დააფინანსო დაახლოებით 16 მილიარდის მოცულობის საკრედიტო პორტფელი,” - ამბობს პაპუნა ლეჟავა.

შეგახსენებთ, 1 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის საზედამხედველო მოთხოვნები შეარბილა.