მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუნა ლეჟავა: COVID-19-ით ინფიცირებული სებ-ის თანამშრომლების მდგომარეობა სტაბილურია

5e86d57bca82b
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.20 10:23
965

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გადაცემა "საქმიან დილაში", COVID-19-ით ინფიცირებული სებ-ის თანამშრომლების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ამ დროისთვის მათი მდგომარეობა არის სტაბილური. ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ შემუშავებული აქვთ სამუშაო პროცესის უწყვეტობის გეგმა, რომელიც ამ გამოწვევაზე მათ ორგანიზაციულ პასუხებს მოიცავს. 

"რაც შეეხება ჩვენ თანამშრომლებს, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის არის სტაბილური. ჩვენ სიმპტომების გამოვლენისთანავე, რაც დაახლოებით, ერთი კვირით ადრე მოხდა, მივმართეთ შესაბამის სამსახურებს და ყველა ზომა, რაც გვირჩიეს 100%-ით იქნა გათვალისწინებული, მათ შორის მათი დისტანცირების კუთხით.

ცხადია, ამისგან დაზღვეული არავინ არ ვართ და სამუშაო პროცესის უწყვეტობის მიზნით წინასწარვე გვქონდა შემუშავებული გეგმა ასეთ შემთხვევაში როგორ ვიქცეოდით და დღეს ეს უწყვეტობის გეგმა არის ამოქმედებული,"- ამბობს პაპუნა ლეჟავა. 

კითხვაზე უკავშირებენ თუ არა ამ შემთხვევებს ნაღდ ფულთან კავშირს, პაპუნა ლეჟავა ამბობს, რომ ეპიდემიოლოგები მათი ინფიცირების გამომწვევ შესაძლო წყაროებს ამ დრომდე სწავლობენ.

"ეს არის მხოლოდ ამ ეტაპზე ეჭვი, არანაირი ხელშესახები დამადასტურებელი ამისთვის არ არსებობს, თუმცა, არის ერთ-ერთი თეორიული ვარიანტი. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები იკვლევენ შესაძლო ინფიცირების წყაროებს, ჯერ-ჯერობით შედეგები არ გვაქვს."

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ შვიდ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. 

"ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს.  ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით.

პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.

იმისათვის, რომ ქვეყნისათვის ამ ურთულეს პერიოდში გამართულად ფუნქციონირებდეს საფინანსო სექტორი, შეუფერხებლად მუშაობდეს კრიტიკული სისტემები და ფულის ნიშნებით უწყვეტად მარაგდებოდეს ეკონომიკა, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენლებს, ექსტრემალურ პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

ეროვნული ბანკი აგრძელებს ქვეყნისათვის კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას. როგორც ადრე განვაცხადეთ, 16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.