მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუნა ლეჟავა: მიკრობანკების შესახებ კანონპროექტს პარლამენტს შემოდგომაზე წარვუდგენთ

60c9eb6cc7f66
შოთა ტყეშელაშვილი
16.06.21 22:20
1613
საქართველოში დღეს 15 კომერციული ბანკი არის რეგისტრირებული - მათ შესაძლოა მომავალში ახალი კატეგორიის საბანკო დაწესებულებებიც შეუერთდნენ, რაც მიკრობანკების შესახებ ახალი წესების განსაზღვრას უკავშირდება. ახალი ფინანსური დაწესებულებების რეგულირების წესზე დასმულ კითხვას დღეს სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ უპასუხა. მისი თქმით, პარლამენტს მიკრობანკების კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე გადაეგზავნება.

კომერციული ბანკის ლიცენზიის ასაღებად დღეს მინიმუმ 50 მილიონი ლარის კაპიტალი არის საჭირო, ჯერჯერობით უცნობია რა იქნება მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო მინიმალური კაპიტალის მოცულობა.

“ამ რეფორმის მიზანი არის ის, რომ ხელი შეეწყოს ბაზარზე კონკურენციის ზრდას და ასევე მიკროსაფინანსო სექტორის მომხმარებლებისთვის მოხდეს პროდუქტების დივერსიფიცირება, რომ მათ სესხების გარდა ხელი მიუწვდებოდეთ სხვა ტიპის ფინანსურ პროდუქტებზე. მიკრობანკის მოდელი წარმოადგენს მცირე ზომის უნივერსალურ ბანკს, რომელიც ორიენტირებული იქნება ბიზნესის დაკრედიტებაზე. მიკრობანკებს შეეძლებათ რომ მოიზიდონ ლარის რესურსი, მათ შორის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების საშუალებით. მათ ასევე ექნებათ დეპოზიტების მოზიდვის უფლება და მათი დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში მოქცევის უფლება, ასევე საკორესპონდენტო და მომხმარებელების ანგარიშების მართვის უფლება. მოსალოდნელია, რომ რეგულირება მიკრობანკებზე იქნება გაცილებით უფრო მკაცრი, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით კორპორაციული მართვის და საოპერაციო რისკების კუთხით, თუმცა იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე კომერციული ბანკებისთვის. ჩვენ ზაფხულის განმავლობაში ვაპირებთ საკანონმდებლო ცვლილების შემუშავებას, ხოლო უკვე საშემოდგომო სესიებზე ვგეგმავთ რომ მივმართოთ პარლამენტს,” - განაცხადა სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა.

შესაბამისად, მიკრობანკების ლიცენზიების შემოღების მთავარი სამიზნე სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიან. სებ-ს სავარაუდოდ აქვს იმედი, რომ ამ სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი იურიდიულ სტატუსს შეიცვლის და მიკრობანკი გახდება.

საქართველოში დღეისთვის სულ 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის რეგისტრირებული. მათი მთლიანი აქტივები 1.5 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი კი 1.25 მილიარდი ლარია.