მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუნა ლეჟავა: ყველა საცალო პროდუქტის გაცემა მარტივდება, მათ შორის განვადებებისაც

5e721196893d3
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.20 16:16
919
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შეიტანა. 15 აპრილიდან ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში მთელი 2019 წლის განმავლობაში მოქმედებდა გამარტივდება. დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გადაცემა "საქმიან დილაში" ცვლილებების განმაპირობებელ მიზეზებსა და მის შესაძლო შედეგბზე ისაუბრა. 

ლეჟავას თქმით, რომ არა კორონავირუსისგან გამოწვეული შოკი, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში დაკრედიტების ტემპს საგრძნობლად დააჩქარებდა. 

"რა თქმა უნდა შემოღებული დებულება არ იყო იდეალური. მთელი გასული წლის განმავლობაში დაგროვდა საკითხები, რაც საოპერაციო კუთხით რთული იყო, ბიუროკრატიულ ტვირთს ქმნიდა, მეტი ტვირთი გადმოჰქონდა ეროვნულ ბანკზე, როგორც რეგულატორზე, როდესაც რეალურად ბანკები უნდა იყვნენ პირველი ხაზი რისკის მენეჯმენტის კუთხით. ამ განწყობებმა განაპირობა ის ცვლილებები რაც გავაკეთეთ.

რაც შეეხება ეფექტს რასაც ველოდებით, რომ არა კორონავირუსი, ეს ალბათ დააჩქარებდა დაკრედიტების ტემპს.

როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, არაფორმალური დასაქმებულებისთვის იქნება გარკვეული ბადეები, რომელსაც ბანკები თავად ქმნიან, მეორე მიდგომაა ასევე სტატსტიკურ მოდელებზე დაყრდნობა. ეს ორივე დააჩქარებს და უფრო ავტომატიზირებულს გახდის სესხის გაცემის პროცესს.

ყველა საცალო პროდუქტის გაცემა მარტივდება, მათ შორის განვადებებისაც,"- ამბობს პაპუნა ლეჟავა. 

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი "საქმიან დილაში"



17 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში შესული ცვლილებების შესახებ გააკეთა განცხადება. დებულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შემოსავლების დადასტურების წესს და საშემოსავლო კატეგორიებს ეხება. წარსულში მოქმედი 4 საშემოსავლო ლიმიტის ნაცვლად ორი საშემოსავლო კატეგორია იარსებებს. ამასთანავე, იცვლება ლარში იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადიანობა და ის 15 წლის ნაცვლად, კვლავ 20 წლით განისაზღვრება. ცვლილებები 2020 წლის 15 აპრილიდან შედის ძალაში.


7 ძირითადი ცვლილება, რაც "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში შევიდა:

1. იცვლება მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი: მსესხებლის შემოსავლების შესწავლა კვლავ სავალდებულოა, თუმცა შემოსავლის დადგენის პრაქტიკა აღარ იქნება წესად გაწერილი (მაგ. არაფორმალური დასაქმებისას ადგილზე ვიზიტი) და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის წესი..
2. უქმდება სესხის მომსახურები კოეფიციენტის (PTI) ლიმიტი: PTI დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება.
3. სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა, ქვემოთ მოცემული ცხრილი N1-ის მიხედვით, ოთხიდან ორამდე მცირდება. ამავე დროს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი განსხვავებული რჩება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლისა და ფინანსური სისტემის უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის რისკებისაგან დაცვას:



4. იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა: ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება.
5. საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე.
6. რეგულაცია აღარ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სესხის მოცულობა 1 მილიონ ლარზე მეტია (ნაცვლად 2 მილიონი ლარისა) ან რომლებიც აკმაყოფილებს გათვითცნობიერებული ინვესტორის კრიტერიუმებს ("ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
7. რისკების ფუნქციის გაძლიერების მიზნით, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის შემოდის კორპორაციულ მართვის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, რისკების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს აღნიშნული დებულების დაცვის უზრუნველყოფას, როლების და პასუხისმგებლობების განაწილებას "დაცვის სამი ხაზის“ (ბიზნესის ხაზი, რისკების მართვის ფუნქცია და შიდა აუდიტი) პრინციპის გამოყენებით.