მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პარაგრაფ თბილისის“ გახსნის ახალი თარიღი 2023 წლის ზაფხულია, შეიცვალა პროექტის ღირებულება

642d3532ea68b
ვიქტორია მღებრიშვილი
05.04.23 13:04
1714
მარიოტის უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმროს, „პარაგრაფ თბილისის“ გახსნა 2023 წლის ზაფხულში იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ს ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს, რომელიც დღეს „ქართუ ფონდში“ შემადგენლობაშია.

აღსანიშნია, რომ სასტუმროს გახსნა მეორედ გადავადდა. პირველადი ინფორმაციით, მისი ამოქმედება 2021 წლის პირველ კვარტალში, მეორედ კი 2022 წლის ზაფხულისთვის იგეგმებოდა.

„პროექტის დასრულების და გახსნის ვადები შეიცვალა მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო წლები ბიზნესისთვის საკმაო სირთულეებით იყო აღსავსე, განსაკუთრებით შემცირდა თბილისში მდებარე სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებლები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში არსებულმა ეპიდსიტუაციამ გავლენა მოახდინა უცხოელ კონტრაქტორებთან მუშაობის კუთხითაც, ვინაიდან საგრძნობლად გაიზარდა მასალების მიწოდების ვადები, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ვადებზე. სასტუმროში ამჟამად დასკვნითი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს“, - განმარტავენ ტურიზმის განვითარების ფონდში.

გახსნის ვადების ცვლილებასთან ერთად შეცვლილია პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც. თავდაპირველად მის მოსაწყობად 101 მლნ დოლარის ინვესტირება იგეგმებოდა, თუმცა 2022 წელს რიცხვი 120 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ტურიზმის განვითარების ფონდში ამბობენ, რომ 2023 წლის აპრილის თვის მონაცემებით, პროექტის საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 142 მლნ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის: სასტუმრო ექვსი კატეგორიის 220 ნომერს, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახებს, A კლასის საოფისე და კომერციული ფართებს, სპა, ფიტნეს ცენტრსა და საცურაო აუზს აერთიანებს. აღნიშნული პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო საშუალებით სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თაბორის მთაზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს" და გოლფ კლუბს დაუკავშირდება.