მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარამედიკოსი - სასწრაფო დახმარების სამსახურში ახალი სპეციალობა დაინერგება

63ecb3143d121
მარიამ დემეტრაშვილი
15.02.23 15:22
2083
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში ახალი სპეციალობა - პარამედიკოსი - დაინერგება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში იგეგმება.

კანონპროექტის თანახმად, პარამედიკოსი არის შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, დამოუკიდებლად ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში და რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პარამედიკოსის კომპეტენციას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. პარამედიკოსის პოზიციაზე საქმიანობის უფლება ეძლევა სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელიც შესაბამისი სპეციალიზაციის კურსს გაივლის.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობას ყოველდღიურად 317 სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და 19 რეფერალური დახმარების ბრიგადა ემსახურება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შეფასებით, დღის წესრიგში მწვავედ დგას საკადრო დეფიციტის პრობლემა, გამოწვევაა ასევე პერსონალის მაღალი ასაკი და შესაბამისად, გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო შესაბამისი ფიზიკური უნარების არარსებობა.

„ცენტრში დასაქმებული ბრიგადის წევრების საშუალო ასაკი არის 65 წელი. ყოველწლიურად მიმდინარეობს სასწრაფო სამედიცინო ავტომობილების განახლება თანამედროვე აპარატურით, აღნიშნულთან თანხვედრაში, გამოცდილი კადრების პარალელურად, საჭიროა ბრიგადის წევრების დაკომპლექტება ახალგაზრდა კადრებით. ცენტრის ფუნქციების და ვალდებულებების მაღალი სტანდარტით შესრულება მოითხოვს თანამშრომლების გარკვეულ ფიზიკურ უნარებს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა კლიმატური თუ გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე გარკვეული მანძილის ფეხით დაფარვა, მრავალ სართულიან კორპუსებში ფეხით გადაადგილება სრული აღჭურვილობით. ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სწორი და დროული ტრიაჟის ჩატარება.

მსგავს შემთხვევებზე დროული და ადეკვატური რეაგირება არის წინა პირობა პაციენტების ჯანმრთელობის საიმედო გამოსავლის და მეტი სიცოცხლის გადარჩენის. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, შესწავლილი და გაანალიზებული 50-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, მიზანშეწონილია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის ფართოდ დანერგვა“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დოკუმენტის თანახმად, ყოველწლიურად 100-110 პარამედიკოსის გადამზადება იგეგმება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ ეს რაოდენობა ყოველწლიური საკადრო გადინების და არსებული ვაკანსიების შევსების მინიმალურ საჭიროებას წარმოადგენს.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.