მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პარასკევს საირმეში ყველაფერი დაიკეტება“ – „საირმის“ გაფიცულების მოთხოვნა მთავრობას

63f32466c2fa9
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.23 11:48
1351
„საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულები ერთი კვირაა რაც გაიფიცნენ. ისინი დამსაქმებლის მხრიდან შრომითი უფლებების მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილებას ითხოვენ და 24 თებერვალს - საირმეში სხვა ორგანიზაციებში დასაქმებულთა მხრიდან სოლიდარობის ნიშნად აქციებს აანონსებენ.

„პარასკევს, 14 საათზე საირმეში დაიკეტება ყველაფერი“, - განუცხადა „საქმიან დილას“ აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ.

მისი თქმით, ქარხანაში დასაქმებული 35 ადამიანი დღეს პროტესტის მონაწილეა და ქარხანა მუშაობას მანამდე არ აღადგენს სანამ გაფიცულთა მოთხოვნები არ შესრულდება. იმ შემთხვევაში კი, თუ კომპანიის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს დასაქმებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მაშინ პროფკავშირი პროცესებში შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მთავრობას მოუწოდებს.

„სხვა სამუშაოებზე დასაქმებულები სოლიდარობას უცხადებენ „საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულ თანამშრომლებს. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ეს არ არის მხოლოდ „საირმის“ ბრძოლა, ეს ყველას ბრძოლაა სამართლიანობისთვის. პარასკევს 14 საათზე საირმეში დაიკეტება ყველაფერი. რადგან მათ ჩვენი ხმა არ ესმით, ჩვენ მეტად უნდა ვიხმაუროთ და ჩვენი ხმა გავაგონოთ. მათ უნდა გავაგებინოთ, რომ ეს ქარხანა ვერ იმუშავებს და თუ ამ ადმინისტრაციის პირობებში მათ ფუნქციონირება არ შეუძლიათ, სახელმწიფოს ექსპროპრიაციის ვალდებულებაც კი აქვს, რომ დასაქმებულების შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ. სახელმწიფო ვალდებულია მოიძიოს სხვა ინვესტორი ან გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, იმიტომ რომ ხელისუფლების სიჩუმე ამ ადამიანების გახანგრძლივებული ტანჯვაა“, - განაცხადა დიასამიძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის გენერალურ დირექტორთან კომუნიკაცია ბოლოს 10 დღის წინ ჰქონდათ, გაფიცულებს კი პერიოდულად კომპანიის წარმომადგენლები ხვდებიან და სხვადასხვა ულტიმატუმს უყენებენ, რაც დასაქმებულებისთვის მიუღებელია.

„დასაქმებულები მათი კუთვნილი სახელფასო ანაზღაურების დარიცხვას ითხოვენ. კომპანიის წარმომადგენლები ითხოვენ გზის გათავისუფლებას და მერე გვთავაზობენ ხელფასის დარიცხვას. ასე ვერ მოხდება. არ იქნება არანაირი მოლაპარაკება თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. ჩვენი მოთხოვნა პირველ რიგში საკუთრების სახელფასო ანაზღაურების დარიცხვაა და შემდეგ ყველა სხვა მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების შემდეგ შესაძლებელი იქნება ქარხნის ამუშავებაზე საუბარი“, - აღნიშნა დიასამიძემ.

ცნობისთვის: აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულთა გაფიცვა 8 თებერვალს დააანონსა და შესაბამისი წერილი ჯანდაცვის მინისტრსა და კომპანიის მენეჯმენტს გაუგზავნა.

მათი ინფორმაციით, დღეისთვის, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვს შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „საირმე მინერალ ვოთერსი“ დასაქმებულებს რეგიონში ყველაზე მაღალ ხელფასს უხდის, რაც 1500 ლარითაა განსაზღვრული. ასევე ისინი ამბობენ, რომ მენეჯმენტი დასაქმებულებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მზად არის. კომპანიის ამ განცხადებას გაფიცულთა უფლებადამცველი პროფკავშირში არ ეთანხმებიან და სიცრუეს უწოდებენ. მათი ცნობით, დასაქმებულთა დარიცხული სახელფასო ანაზღაურება 800 ლარს არ აღემატება. გაფიცულები და მათი უფლებადამცველი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს პროცესებში ჩართვის მოთხოვნით მიმართავს.