მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დენიელ დალტონი: საერთაშორისო ინვესტიციების მიმართ მტრული ნაბიჯებით საქართველო რეპუტაციის შერყევას რისკავს

5f6c8970391c4
BM.GE
24.09.20 15:53
1372
გამოცემა New Europe-ი აქვეყნებს ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, დენიელ დალტონის სტატიას საქართველოში დემოკრატიული ვითარებისა და ბიზნესგარემოს გაუარესების შესახებ. დალტონი აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ უკანასკნელი წლების განმავლობაში ისეთი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განვითარების ხელშეშლა, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ახალი ციფრული დერეფანია, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

“შეიძლება თუ არა საქართველომ უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები, როდესაც კანონის უზენაესობა იგნორირებულია, რუსეთის გავლენის შესახებ კითხვები კი არ ქრება?

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ "ბელორუსელი ხალხი სხვისი ჭადრაკის დაფის ფიგურები არ არიან", რითაც ხაზი გაუსვა რუსეთის როლს ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში. თანაბრად შესაძლებელია, რომ ეს განცხადება საქართევლოსაც ეხებოდეს.

საქართველო დიდი ხანია განიხილება როგორც ბიზნესის წარმოებისთვის ღია და მიმზიდველ ქვეყნად. 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრის დროსაც კი, ქვეყანა მტკიცედ დგამდა ნაბიჯებს ბაზარზე ორიენტირებული და დემოკრატიული მომავლისკენ. ამ პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სწრაფად იზრდებოდა და ქვეყანა თანდათან დასავლეთის ბაზრებს უთანაბრდებოდა.

მიუხედავად ოკუპაციისა, საქართველოს განვითარება - კანონის უზენაესობაზე, თავისუფალ ბაზრებსა და ლიბერალურ დემოკრატიაზე იყო ფოკუსირებული.

განვითარებაზე ორიენტირებული გეზის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე წელია პროგრესი შეჩერებულია. 2017 წლის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის მესამედით შემცირდა. ეს კი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით აიხსნება, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ინვესტიციების დაცულობას საფრთხეს უქმნიან და რიგ შემთხვევებში, გვერდს უვლიან კანონის უზენაესობას. სწორედ ასეთ, თითქოს უმნიშვნელო ნაბიჯებს მივყავართ ნეგატიურად დაკავშირებული მოვლენების ჯაჭვთან, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე და საფრთხეს შეუქმნის მრავალწლიანი განვითარებით მიღწეულ შედეგებს.

რამდენიმე წელია არსებობს მღელვარება, რომ მთავრობის ქცევის ასეთმა ცვლილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვნად გაწევრიანებასაც.

საქართველომ ცოტა ხნის წინ შეაჩერა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის შენება ანაკლიაში, რომელიც შავ ზღვაში რუსული პორტების დომინირებას პრობლემას შეუმქნიდა. უცხოელი ინვესტორები პროექტს დაწყებამდე ჩამოშორდნენ. კონკრეტულად მას შემდეგ, რაც მთავრობამ სესხებთან დაკავშირებული გარანტიები გააუქმა. ერთი შეხედვით მთავრობისთვის კონტრპროდუქტიული გადაწყვეტილების მიზეზები უცნობია, მაგრამ მიიჩნევა, რომ შესაძლო მიზეზი რუსეთის უკმაყოფილებაა. შედეგად, საქართველომ ხელიდან გაუშვა საკვანძო სტრატეგიული ინფრასტრუქტურის შექმნის შესაძლებლობა, რაც შეასუსტებდა რუსეთის რეგიონულ გავლენას.

სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობამ უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერის მესაკუთრეთა შორის მომხდარი ცვლილების შებრუნება სცადა. 2019 წელს, "კავკასუს ონლაინი" აზერბაიჯანულმა ფირმამ იყიდა. ეს გარიგება მნიშვნელოვანი იყო ერთი მხრივ იმიტომ, რომ აზერბაიჯანი ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტორია საქართველოში, მეორე მხრივ იმიტომ, რომ აზერბაიჯანულ კომპანიას ამ შენაძის მეშვეობით მიეცა შესაძლებლობა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შეექმნა.

პროექტი საქართველოსა და აზერბაიჯანს უფრო ფართო ციფრული რეგიონალური ჰაბის ცენტრად აქცევდა და 1.8 მილიარდი ადამიანისთვის სწრაფი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფდა. პროექტის მნიშვნელობა კავკასიის მიღმა ახლაც იგრძნობა - ევროკავშირი დიდ ინტერესს იჩენს, რადგან საქართველოს გავლითი მარშრუტი ერთადერთია, რომლის მეშვეობითაც ციფრული საინფორმაციო კავშირი რუსეთს ან ირანს არ გაივლის.

გარიგების შესახებ სრული ინფორმაციის ფლობის მიუხედავად, გაყიდვის შემდეგ, მთავრობამ დაუყოვნებლივ სცადა მისი გაუქმება. პარლამენტის დაჩქარებულ სხდომებზე კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა და მარეგულირებელ ორგანოს უპრეცედენტო უფლებები მიენიჭა. მათ შორისაა სპეციალური ადმინისტრატორების დანიშვნის უფლება, რომელსაც საკუთარი სურვილისამბერ შეეძლება კომპანიის ქონებისა და პერსონალის განკარგა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოში ინვესტიცია მთავრობის მხრიდან ექსპროპრიაციის რისკზე წასვლაა, იმის გათვალისწინებით, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების სრული ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს.
ამ ტიპის მიდგომა მნიშვნელოვნად არღვევს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მცდელობებს. ინვესტიციები მისდევს მყარ იურიდიულ სისტემებს. კანონის უზენაესობის მორყევა არამხოლოდ კორუფციულ რისკებს ქმნის, არამედ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ბარიერს ბიზნესის კეთებისთვის. კანონის უზენაესობის საფრთხეში ჩაგდება ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას ართმევს, ახალისებს ნეპოტიზმს და აღარიბებს ადგილობრივ მომხმარებლებს. ამ ყველაფერში კი ტრაგედია ისაა, რომ მთავრობის ეს ქმედებები საკუთარი თავისთვის მიყენებული ზიანია.

ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არის დაგეგმილი. ამგვარი გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდეს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება? განსაკუთრებით, თუ სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიებსა და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს პოტენციურად იგივე საფრთხე ემუქრებათ? ეს არის კითხვები, რომლებიც ბრიუსელში საქართველოსთან მიმართებით სულ უფრო ხშირად ისმის.

ამ ყველაფერს აქვს პოტენციალი შეარყიოს დასავლეთის ნდობა საქართველოს მიმართ და შექმნას შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა საერთაშორისო ნორმებს შორდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, შეერთებულმა შტატების წარმომადგენელთა პალატამ ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარების 15%-ით შემცირების გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი და საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიის (OSCE / ODIHR) გაგზავნა გადაწყვიტა.

საქართველო ამ ნაბიჯებით არასასურველი საერთაშორისო რეპუტაციის მიღებას რისკავს, რაც გულისხმობს ისეთ ქვეყანად პოზიციონირებას, სადაც საფრთხე ემუქრება როგორც კანონის უზენაესობას, ასევე ინვესტიციების დაცულობას. სერიოზული პრობლემაა, როცა ქვეყანა, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა აქვს ევროკავშირსა და აზიას შორის და რომელიც ჯერ კიდევ ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თავისი შიდა პოლიტიკით საკუთარ ოკუპანტს ბაძავს,”- წერს დენიელ დალტონი.