მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიტეტი მიღწეულია - რამ გამოიწვია ევროს მკვეთრი გაუფასურება?

62ced761d940a
გიორგი თოლორდავა
13.07.22 18:37
16478
ევროსა და დოლარის გაცვლით კურსებს შორის პარიტეტი მიღწეულია - მიმდინარე კვირას ერთი ევროს ღირებულება ზუსტად ერთ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა, რაც ევროს გაუფასურების 20-წლიანი მაქსიმუმია.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ევროს გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით თითქმის 11%-ით დაეცა, რაც რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული.

პირველ რიგში, ევროპის რეგიონში ომის დაწყება, გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვა, ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირება და მიწოდების ჯაჭვების შეფერხება უაღრესად ნეგატიურად აისახა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე.

გარდა ამისა, მსოფლიოში არსებულმა სასურსათო და ენერგეტიკულმა კრიზისმა მნიშვნელოვნად გაზარდა ინფლაციური წნეხი, რის შედეგად ევროზონაში წლიური ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი ინფლაციის ფონზე, ცენტრალურ ბანკებზე ზეწოლა იმატებს - ჩნდება სურვილი იმისა, რომ მზარდი სამომხმარებლო ფასების მოსათოკად მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდეს, თუმცა ამ უკანასკნელ მექანიზმსაც თან ახლავს გარკვეული გვერდითი მოვლენები.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს, ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირების ფონზე კი, სულ უფრო მეტად იმატებს იმის რისკი, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ევროზონაში რეცესია განვითარდეს.

ცხადია, ევროპის ცენტრალურ ბანკს რეცესიის თავიდან არიდება სურს, თუმცა ინფლაცია ისევ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება, სწორედ ამიტომ კრისტინ ლაგარდსა და მის გუნდს უაღრესად დელიკატური ბალანსის დაცვა უწევს, რაც ინვესტორთათვის მიმზიდველი არ არის, რადგან ცენტრალური ბანკის მიერ შეცდომის დაშვების შემთხვევაში, რისკები ძალიან მაღალია.

არსებულ ფაქტორებთან ერთად, გასათვალისწინებელია სამომავლო პერსპექტივაც, ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და საკმაოდ მაღალია იმის რისკი, რომ რუსეთმა ნავთობისა და გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად შეზღუდოს, რაც ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულ ევროპულ ეკონომიკას გარდაუვალი რეცესიის წინაშე დააყენებს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამერიკული დოლარის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მყარი და უსაფრთხო სარეზერვო ვალუტის ნარატივის გაძლიერება. DXY ინდექსი, რომელიც უცხოური ვალუტების კალათასთან მიმართებით ამერიკული დოლარის სიძლიერეს ასახავს, ამჟამად 20-წლიან მაქსიმუმზეა. ამ ინდექსის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ დოლარი თითქმის ყველა საერთაშორისო ვალუტასთან მიმართებით მყარდება, შემცირება კი - პირიქით.

დოლარის სიძლიერის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის ხისტი გამკაცრებაა. კომიტეტის ბოლოს შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ მომდევნო შეხვედრაზეც განაკვეთი მინიმუმ 75-დან 100-მდე საბაზო პუნქტით გაიზარდოს.

ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის აქტიური გამკაცრების ფონზე, ევროპის ცენტრალური ბანკი ინტერვენციისგან თავს იკავებს, რაც ევროს გაცვლითი კურსისათვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის.

როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყნებში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია, როგორც ეს მაგალითად ევროზონის შემთხვევაშია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ევროს ამჟამინდელ გაუფასურებასა და 2002 წლის დაღმასვლას შორის პირდაპირი პარალელების გავლება არ არის მართებული, რადგან მაშინ ვალუტის გაუფასურება სავალო კრიზისით იყო გამოწვეული, ამჟამად კი ევროზონის წინაშე არსებული პრობლემა ინფლაციის მაღალი დონითა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობითაა განპირობებული.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროს ღირებულება 1-დოლარიან ნიშნულსაც კი ჩამოსცდეს, თუ, რა თქმა უნდა, ევროპის ცენტრალური ბანკი შესაბამის ზომებს დროულად არ მიიღებს. ასევე ხაზგასასმელია რუსეთის ფედერაციის ენერგოპოლიტიკის ფაქტორიც, რომელიც ამჟამად უშუალო გავლენას ახდენს ევროს გაცვლით კურსზე, თავად ევროპის რეგიონში რისკების ზრდა კი ამერიკულ დოლარს ინვესტორთათვის გაცილებით უფრო მიმზიდველ ვალუტად აქცევს, ვიდრე ევროს.