მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაციასთან დაკავშირებით მოკვლევას იწყებს

60af831b125d3
BM.GE
27.05.21 15:35
569
ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და ჯანდაცვის კომიტეტებში ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჩატარება იგეგმება. როგორც ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება ყველა დაინტერესებული დეპუტატი იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ამ პოლიტიკის განხორციელება და ნაკლები სპეკულაციის საგანი გახდეს საზოგადოებაში ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია.

"სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ გარკვეული ზრდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვებში, რაც ხშირად დაუსაბუთებელია, განპირობებულია სწორედ დასაქმების შესაძლებლობების ძიებით, შესაბამისად, ლეგალური შესაძლებლობების შექმნა, პირველ რიგში, არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში და ამასთან ერთად, საინტერესო უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვისაც.

ევროკავშირის ქვეყნებში არის შესაძლებლობები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამასთანავე, ამ შესაძლებლობების გაჩენასთან ერთად, უზრუნველვყოთ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევებში დაცვის მექანიზმების არსებობა, რაც არალეგალური მიგრაციის პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაციაზე საუბრისას, ასევე უნდა ვიზრუნოთ ამ პროცესების ისე მართვაზე, რომ ქვეყნიდან არ მოხდეს ინტელექტის გადინება და არ დავდგეთ ამ საფრთხის წინაშე და პირიქით, ჩვენ გავაჩინოთ ევროპული გამოცდილების საქართველოში უკან მოზიდვის შესაძლებლობები.

სწორედ ამ საკითხების მიმართ საზოგადოებაში არის დიდი ინტერესი, ხშირად ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვაგვარი სპეკულაციების საგანი და ამიტომ ვფიქრობთ, რომ უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო კონტროლის ის მექანიზმი, საქმიანობის ის მექანიზმი, რაც ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს მონიჭებული და დავაინიცირეთ თემატური მოკვლევა ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის მონაწილეობით, ასევე, დიასპორის კომიტეტის მონაწილეობით და სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება ყველა დაინტერესებული დეპუტატი იმისთვის, რომ ჩვენ სწორად შევძლოთ ამ პოლიტიკის განხორციელება და ნაკლები სპეკულაციის საგანი გახდეს ჩვენს საზოგადოებაში ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია", - აცხადებს ბოჭორიშვილი.