მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პარლამენტი მიიღებს 3 კანონს, რომელთაც შეიძლება ბიზნესის მოგუდვის კანონთა პაკეტი ვუწოდოთ“

5f0c02a259c77
ინგა მურუსიძე
13.07.20 10:49
1294
"დღეს და ხვალ, ე.წ. დაჩქარებული წესით, პარლამენტი მიიღებს სამ კანონს, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე facebook-ის პირად გვერდზე წერს.

კანონპროექტები, რომლებიც დღეს მიიღება, ესენია:
- ცვლილებები კონკურენციის კანონში, რომელიც ანტიმონოპოლიურ სამსახურს აძლევს ბიზნესის დაჯარიმება-დატერორების უფლებას;
- ცვლილებები კომუნიკაციის კანონში, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელს აძლევს საკუთრების გასხვისების უფლებას მესაკუთრის ნების გარეშე;
- ცვლილებები ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონში, რომლითაც ენერგეტიკის ზოგიერთ სფეროში მესაკუთრეს ეკრძალება საკუთარი წილის ( 5 პროცენტზე მეტის) გაყიდვა შესაბამისი მარეგულირებელი უწყების ( სემეკი) ნებართვის გარეშე.

„სამივე კანონი ლახავს საკუთრების უფლებას, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას. ამით ამ მოწვევის პარლამენტი ასრულებს თავის საქმიანობას (წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტი წყვეტს მუშაობას). ეს სამი კანონი იქნება ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა.

P.S. ორი კანონის, კომუნიკაციების და ენერგეტიკის მიღების მაპროვოცირებელი იყო ”კაუკასუს ონლაინის” (ხვიჩა მაქაცარია) მიერ საკუთარი წილის 49%-ის კანონდარღვევით მიყიდვა ოფშორულ კომპანიაზე, რომლის უკანაც დგას ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი (ცნობილი ე. წ. ”პანამური დოსიედან”).

ამ კანონების მიღების მოტივი ასევე არის თბილგაზის (აქაც ხვიჩა მაქაცარია ანუ კალაძე) ხელისუფლების ნებართვის გარეშე შესაძლო გასხვისება იმავე მეთოდით, როგორც ეს მოხდა ”კაუკასუსის” დროს. ეს კანონები შიდა სახელისუფლებო კლანების ბრძოლის ამსახველიცაა.

მიზანი შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ შესრულების გზებია ცუდი. ამიტომ, სამწუხაროდ, ამ კლანურ ბრძოლაში ძალაუნებურად გვიწევს დავიჭიროთ კალაძე-მაქაცარია-რუხაძე-რამიშვილი-ჯოხთაბერიძის კომპანიის მხარი, ვეწინააღმდეგებით რა ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვას და კანონების მიღებას აღნიშნული ფორმით. ამავე დროს, არც ის გვინდა განმეორდეს, როცა ”როსნეფტმა” კანონდარღვევით შეიძინა ფოთის ტერმინალი და შერჩა ხახვივით.

რაც შეეხება მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს, რომელიც არის კომუნიკაციების და მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტების ინიციატორი და რომელმაც ორი ფრონტი გახსნა-ბიზნეს-ბობოლებისა და მედიის წინააღმდეგ, მოუვიდა ბრიყვული შეცდომა. ახლა კი მოხსნა დღის წესრიგიდან მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, მაგრამ უკვე გვიანაა. საშინელი რისხვა დაატყდა თავს და სავსებით სამართლიანად. მის მიერ ინიცირებულ კანონებს, კარგიც რომ იყოს, ნდობა მაინც არ ექნება მრავალ გარემოებათა გამო.

ასე ვართ გაჩხერილები სხვების ომში და ვცდილობთ, ნაკლები ზიანი მიადგეს ქვეყანას. ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით, სამწუხაროდ, ეს ძალიან ძნელია“, - წერს რომან გოცირიძე facebook-ის პირად გვერდზე.

დღეს პარლამენტში დარეგისტრირდება კანონპროექტი, რომელიც სემეკის უფლებებს აფართოებს

რომან კაკულია ელ.კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადების ინიციატივით გამოდის