მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი ორგანოების გადანერგვის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობს

64747da03346f
ინგა მურუსიძე
29.05.23 15:00
365
პარლამენტი „ადამიანის ორგანოების გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, კანონპროექტი შემუშავებულია ევროკავშირის დირექტივებისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად და მას თან ახლავს თანმდევი ცვლილებები 12 კანონში.

მისი თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში მისი მოქმედება არ გავრცელდება რეპროდუქციულ ორგანოებზე, ემბრიონის ან ნაყოფის ორგანოებზე.

გაბუნიას განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა სრულად არ ითვალისწინებს ყველა იმ ასპექტს, რაც მნიშვნელოვანია ტრანსპლანტაციის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

„პირველი, ძალიან ბაზისური და მნიშვნელოვანი პრინციპი, რაც ევროკავშირში მოქმედებს და ევროდირექტივის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა ამ სისტემის უანგარობა, ანუ ტრანსპლანტაცია და ორგანოების გაღება დონორმა უნდა მოახდინოს უანგაროდ, რაიმე ფინანსური წახალისებისა თუ ინტერესის გარეშე, რაც გამორიცხავს მასზე ზეწოლის შესაძლებლობას და რაიმე ტიპის არაკეთილსინდისიერ ქმედებას ამ პროცესში. აქვე გათვალისწინებულია კომპენსაციის შესაძლებლობები უხერხულობისა და სამედიცინო ხარჯებისთვის. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტი გვთავაზობს ჩარჩოს იმისთვის, რომ განიმარტოს, ზუსტად რა დონეზე, რა ხდება ორგანოს მოპოვების, მიღწევადობის კუთხით და როგორ უზრუნველყოფს ამ ყველაფრის კოორდინაციას ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო“, - განაცხადა თამარ გაბუნიას.

კანონპროექტი მისაღებია, თუმცა მის გარკვეულ პუნქტებს აკრიტიკებს ოპოზიცია. ოპოზიციონერი დეპუტატი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ინიციატივა და საკითხის მოწესრიგება კარგია, თუმცა მეტი მოტივაციის მიცემა უკეთესი იქნებოდა.

„მე მხარს ვუჭერ იმას, რომ საკითხი გამარტივდეს და ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ, ერთმანეთს დაეხმარონ სიცოცხლის გადარჩენაში. ამ კანონპროექტით იკრძალება ის, რომ არ შეიძლება ამ საქმიანობის, ანუ დონორული საქმიანობის რეკლამირება და საინფორმაციო საშუალებებით ამის გადმოცემა. ასევე, არ შეიძლება, რომ ეს საქმე იყოს ბიზნესი. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის აკრძალვა ნებისმიერ საქმიანობას გაანადგურებდა. თუ იტყვით, რომ ეს გადასარევი საქმეა, მაგრამ უფასოდ უნდა აკეთოთ, ამ შემთხვევაში, აქედან არაფერი გამოვა.

ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს იმის გამო, რომ საკითხი არ გვაქვს მოწესრიგებული. ბევრად ეფექტური იქნებოდა თუნდაც ის, რომ ადამიანს სიცოცხლეშივე შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი ორგანოები, მისი სხეულის ნაწილები იყოს დონორი, დაუწესდეთ მათ საგადასახადო, ან სხვა სახის შეღავათები, რომელიც მისცემდა მათ შესაძლებლობას, კეთილშობილური საქმე გაეკეთებინათ და ამისთვის მოტივაცია ექნებოდათ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.