მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის დონეზე საწვავის ფასების ზრდის საკითხის მოკვლევა იწყება

61dc1ad030d0f
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.22 20:42
2537
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის დონეზე საწვავზე ფასების ზრდის ოფიციალური მოკვლევა იწყება - ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე საინიციატივო ჯგუფში „უარი საწვავის ფასებს“ ვრცელდება. ჯგუფის წევრების ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ბექა ლილუაშვილთან, მიხეილ დაუშვილთან და ანა ბუჩუკურთან შეხვედრა გაიმართა.

„აღნიშნულ საკითხზე შევხვდებით და დაველაპარაკებით აბსოლუტურად ყველა დეპუტატს, რათა დროულად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და მოხდეს საწვავზე ფასის დაწევა სახელმწიფოს ხელში არსებული ბერკეტებით“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BM.GE საპარლამენტო უმცირესობის წევრ ბექა ლილუაშვილს დაუკავშირდა, რომელიც განმარტავს, რომ ნავთობიმპორტიორ ქვეყანას ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია და შიდა ბაზარზე არსებული გავლენის შემცირება შესაძლო შიდა რესურსის საფუძველზე უნდა მოხდეს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ სწორედ ამის შესწავლა დაიწყება საპარლამენტო დონეზე.

„სამწუხაროდ, საქართველო ნავთობის იმპორტიორი ქვეყანაა და ნავთობის მსოფლიო ბაზარზე არსებული პროცესები ჩვენთვის მოცემულობაა, რომელზეც გავლენის მოხდენა მინიმალურად შეგვიძლია, თუმცა თუ რაიმე შიდა რესურსი არსებობს მცურავი აქციზის თუ სხვა რაიმე ფორმით, რაც ამ მდგომარეობას შეამსუბუქებს და გარე შოკების ზემოქმედებას შეამცირეს, ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ინფლაცია გლობალური პრობლემაა, თუმცა აქ მთავარი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ყურადღება, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიციიდან დაგვიფიქსირებია - ეკონომიკური ზრდა რიცხვებში გამოხატული უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ინკლუზიური. მნიშვნელოვანია, რომ ის რესურსები, რომელიც ბიუჯეტშია, გარკვეულწილად სოციალური გამოწვევების დასაძლევად მივმართოთ, განსაკუთრებით როდესაც პოსტპანდემიური კრიზისის პერიოდია და ეს მხარდაჭერა შეიძლება დროებითი იყოს. მაგალითად, საწვავის ფასთან მიმართებით ეს შეიძლება იყოს მცურავი აქციზის საკითხი. შეიძლება ამ ბიზნესისთვის ეს სამართლიანი ადმინისტრირების ფორმა იყოს, თუმცა დადასტურებით საუბარი რამდენად შესაძლებელია მცურავი აქციზის მექანიზმის შემოღება - რთულია. ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი რაზეც მომავალში ჩვენ საინიციატივო ჯგუფთან ერთად, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში ვიმსჯელებთ.

ზოგადად ეს სამართლიანი დაბეგვრის საკითხია, მაგრამ აქ ბევრი სხვა წინაპირობაა, რაც ამ სისტემას უნდა შეუქმნა, მათ შორის ამას საგადასახადო ადმინისტრირების განსხვავებული პირობები, სჭირდება გავლენის დათვლა - რა გავლენა იქნება შემოსავლების კუთხით მომდევნო პერიოდის განმავლობაში და ა.შ. ყველა ფაქტორის მოკლე პერიოდში გათვალისწინება შეუძლებელია, ამიტომ საკითხზე, მათ შორის აღმასრულებელ დონეზე მუშაობა მნიშვნელოვანია“, - განმარტა ბექა ლილუაშვილმა.

დეპუტატი საწვავის ფასების ზრდის საკითხის შესწავლის დაწყების დროსა და პროცესის ხანგრძლივობას ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ამას თავისი საპარლამენტო პროცედურები აქვს.