მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის მიერ “თამბაქოს კონტროლის კანონის” ინიციატივის ჩაგდებას BAG-ის იურიდიული დირექტორი ეხმაურება

60f6ab45b29c0
BM.GE
20.07.21 13:55
1800
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ (BAG) საკანონმდებლო წინადადებას „თამბაქოს კონტროლის კანონის შესახებ“. საკანონმდებლო წინადადება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის თვალსაზრისით არსებულ რეგულაციაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ისახავდა მიზნად.

BAG-ის საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საქართველოში ამჟამად მოქმედებს გაცილებით უფრო მკაცრი მოთხოვნები სიგარეტის ალტერნატიული და არაწვადი პროდუქტების მიმართ, ვიდრე ამას ევროდირექტივა ითვალისწინებს. წარდგენილი კანონპროექტით ერთმანეთისგან განსხვავებული რეგულირება უნდა დაწესებულიყო თამბაქოს ახალი თაობის პროდუქტების ბაზარზე განთავსების და რეალიზაციასთან მიმართებით. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები მიუთითებებენ, რომ ამგვარი მიდგომა თავისმხრივ ეფუძნება არაერთი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკას, სადაც თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკისთვის თამბაქოს ალტერნატიულ და არაწვად პროდუქტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ.

კიდევ ერთი ცვლილება, რასაც საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს “სტანდარტული შეფუთვის”, ანუ ე.წ. “სადა შეფუთვის” საკითხია. ამ ნორმის მიხედვით, 2022 წლის 31 დეკემბრიდან საქართველოს ბაზარზე არსებული ყველა დასახელების თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე ბრენდის სახელის და ნიშნის დატანა იკრძალება. BAG-ის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, მისი 2025 წლის პირველ იანვრამდე გადავადება იყო განსაზღვრული.

BMG-სთან საუბარში “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” იურიდიული დირექტორი, ნიკა ნანუაშვილი განმარტავს, რომ მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტს აღნიშნული ცვლილებები უნდა მიეღო, რადგანაც ის საქართველოში არსებულ რეგულირებას ევროდირექტივასთან დაახლოებდა.

“ჩვენი აზრით ეს კანონპროექტი კომიტეტს უნდა მიეღო, რადგანაც ის თანხვედრაში იყო როგორც ევროკავშირის დირექტივასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკას თუ როგორი მიდგომებით ახდენენ ეს ქვეყნები თამბაქოს ნაწარმისა და მათ შორის გასახურებელი თამბაქოს რეგულირებას. შესაბამისად, ეს პროექტი ითვალისწინებს იმ მიდგომებს, რომლებიც არსებობს როგორც ტრადიციული სიგარეტის, ასევე გასახურებელი თამბაქოს ნაწილში.

კომიტეტის დასკვნას რასაც გავეცანი, მასში უარის ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ ისინი ეყრდნობიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციას და ქვეყანაში უკვე არსებულ პოლიტიკას,”- აცხადებს ნანუაშვილი.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ნიკა ნანუაშვილი ამახვილებს ყურადღებას, არის კომიტეტის დასკვნის ტექსტი “სადა შეფუთვის” დანერგვის შესახებ. კერძოდ, კი დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში სიგარეტზე “სადა შეფუთვის” შემოღება თამბაქოს ადგილობრივ წარმოებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

“ტრადიციულ თამბაქოზე სადა შეფუთვის გადავადების მცდელობა ემსახურება არ დაუშვან თამბაქოს მოხმარების კლების გადახალისება და შემდგომი ზრდა. აქვე, ცნობისთვის, სადა შეფუთვა შედარებით ხელსაყრელ პირობებს შექმნის ადგილობრივი თამბაქოს წარმოებისთვის,”- ნათქვამია კომიტეტის დასკვნაში. ნიკა ნანუაშვილის თქმით, სინამდვილეში უცხოური ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ “სადა შეფუთვის” დანერგვას პირიქით, ნაკლებად ცნობილი ბრენდების გაყიდვებზე ნეგატიური გავლენა აქვს.

“უცხოური გამოცდილება განსხვავებულ ტენდენციაზე მეტყველებს. იმ ქვეყნებში, სადაც ეს წესი მოქმედებს პირიქით, ნაკლებად ცნობილი ბრენდები თითქმის ბაზრიდან გააქრო. ასევე, “სადა შეფუთვის” შემოღებამ ხელი შეუწყო ქვეყანაში არალეგალური თამბაქოს ნაწარმის კიდევ უფრო გავრცელებას.

ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი დღემდე უარს ამბობს “სადა შეფუთვის” შემოღებაზე,”- განმარტავს ნიკა ნანუაშვილი.